მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ დამატებით 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა

პარლამენტი ავტომობილები

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა უწყებამ "ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ" ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით კიდევ ერთი მსხვილი ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც 164 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვა იგეგმება. ავტომობილების სავარაუდო ღირებულებად 10.16 მილიონი ლარი არის მითითებული, რაც ერთ ავტომობილზე 61,950 ლარს შეადგენს.

ეს წარმოადგენს კიდევ ერთ ტენდერს ავტომობილების შესყიდვისთვის, რადგან 22 ივნისს ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 592 ერთეული ავტომობილის შესყიდვის 47-მილიონიანი ოთხი ტენდერი გამოაცხადა.

რაც შეეხება ახალ 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერს, მის ფარგლებში ყველაზე მეტი - 85 ერთეული ავტომობილი შემოსავლების სამსახურს გადაეცემა, 29 ავტომობილი - თავდაცვის სამინისტროს, 10 - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, 10 კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

აღნიშნული ტენდერებით მოთხოვნილია, რომ შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს წარმოებული.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ დოკუმენტაცია მწარმოებლის ოფიციალური დილერის ხელშეკრულების, ასევე ავტომობილების სერვისის გაწევის შესახებ, რაც 150,000 კილომეტრზე საგარანტიო მომსახურებასაც მოიცავს.

კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 1-2 ივლისს შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები