მთავრობამ IDS Borjomi-ს მტკნარი წყლის მოპოვების ერთ-ერთი ლიცენზიის ვადა 10 წლით, 2035 წლამდე გაუხანგრძლივა - ამის შესახებ ირკვევა მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული 2 192-ე განკარგულებიდან.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც ლიცენზიის მფლობელია, ვადის გაგრძელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 1 156 401 ლარი, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში უნდა გადაიხადოს.
„მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული #3 წყაროს მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით და სამეწარმეო დანიშნულებით) მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების #221 ლიცენზია-ბრძანების მოქმედების ვადა გააგრძელოს 2025 წლის 10 დეკემბრიდან 2035 წლის 10 დეკემბრამდე“, - წერია დოკუმენტში.




























