მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ "ოქროს სიის" აღდგენაზე ბიზნესის აზრი არ გაითვალისწინა - "ამ ეტაპზე ეს თემა ამოიწურა"

5d3075e395e55
ლიკა გურაბანიძე
18.07.19 17:44
1032

„თუ ხელისუფლება შეიცვლის აზრს და დავბრუნდებით იმ რეჟიმზე, რომელიც აქამდე არსებობდა, სწორი იქნება“,  - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ „ოქროს სიის"  წევრი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების ისევ აღდგენის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ოქროს სიასთან“ დაკავშირებით ჩვენ ხელისუფლებასთან მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრა ბევრჯერ გვქონდა. იყო გაფართოებულ ფორმატში დისკუსია. ამ ეტაპზე ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ის გადაწყვეტილება, რომელიც მაისის ბოლოს ამოქმედდა, ძალაში რჩება. რასაკვირველია, ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს შეცვლილიყო, მაგრამ ამ ეტაპზე არის ის სტატუსი, რაც არის,“ - განაცხადა ფხაკაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე - ამ ეტაპზე „ოქროს სიის“ თემაზე ორ მხარეს შორის მუშაობა გრძელდება თუ არა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეფექტური კომუნიკაციის არხების საშუალებით, ურთიერთობა და კომუნიკაცია ხელისუფლებასთან აქვს, თუმცა ამ ეტაპზე „ოქროს სიის“ თემა ამოწურულია.

„ყოველთვის ვცდილობთ, ლობირება გავუწიოთ იმ აზრებს და ხედვებს, რომლებიც იბადება ბიზნესში, ამიტომაც არსებობს ბიზნეს ასოციაცია. არის საკითხები, რაზეც შევთანხმდებით და არის საკითხები, რაზეც ვერ შევთანხმდებით. თუ ისინი მომავალში შეიცვლიან აზრს და დავბრუნდებით იმ რეჟიმზე, რომელიც აქამდე არსებობდა, ვფიქრობ, რომ იქნება სწორი.

ჩვენ ყოველთვის დიალოგის რეჟიმში ვსაუბრობთ და ვცდილობთ ჩვენი არგუმენტაცია ჩამოვაყალიბოთ და წარვუდგინოთ ხელისუფლებას და მოვისმინოთ მათი არგუმენტაცია. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ეს თემა ამოიწურა", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები