საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ გაზარდა და ელის, რომ 2024 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 9%-ს გადააჭარბებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველად დაიგეგმა 5.2%-ის ოდენობით, თუმცა ზაფხულში პროგნოზი გაიზარდა 6%-მდე, რის შემდეგაც კვლავ გადაიხედა და 8.2%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, განახლებული პროგნოზი ბოლოს არსებულს 0.8 პროცენტული პუნქტით აღემატება.
ლაშა ხუციშვილის თქმით, 2021-2023 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,8% შეადგინა და წელსაც დაგეგმილზე მაღალია.
„დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება 2024 წელსაც. განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 9,0%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 90 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი. კერძოდ, 2020 წელს პანდემიის შედეგად მშპ-ის 9,3%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ის 2,5%-ის დონეზეა. მთავრობის ვალის მოცულობა 2020 წლის 60 პროცენტიანი ნიშნულიდან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ის 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მას შემდგომ გრძელდება მისი შემცირების დინამიკა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან განაცხადა, მსგავსი ფისკალური კონსოლიდაციის მიუხედავად, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა გაიზარდა 7 მილიარდ ლარზე მეტით, ხოლო უკვე პარლამენტში წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებებით დამატებით იზრდება 1 მილიარდ ლარზე მეტით.