საქართველოს მთავრობა „შატო კვირიკეს“ ქობულეთში 2 მიწის ნაკვეთს პირდაპირი ფორმით 819 800 ათას ლარად მიჰყიდის. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ის 6 მარტით თარიღდება.
დოკუმენტის მიხედვით, „შატო კვირიკეს“ ქალაქ ქობულეთსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეებში ჯამში 13 000 მ² მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცემა. კომპანიამ საპრივატიზაციო თანხის ნახევარი 12 თვეში, ხოლო თანხა სრულად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელიწადში უნდა დაფაროს.
ამასთან, "შატო კვირიკემ" 3 წლის განმავლობაში ქობულეთში აღნიშნულ ლოკაციებზე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი და ალკოჰოლური სასმელების საწარმო უნდა ააშენოს და აამოქმედოს, რისთვისაც 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს, რაც დღგ-ს არ ითვალისწინებს. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაავალა.
ცნობისთვის, კომპანია „შატო კვირიკე“ სამეწარმეო რეესტრის მიხედვით 1999 წელს არის დაფუძნებული. ამავე ბრენდით ქობულეთში ტურისტული ობიექტი კი პანდემიურ პერიოდში 2021 წელს გაიხსნა. კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციით, „შატო კვირიკე“ 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 ნომრით, კერძო ვილით, ღია აუზით და მის ირგვლივ განლაგებული 15 კოტეჯით, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სახელი ეწოდება.
ბიზნესის და ტურისტული ობიექტის განვითარების შესახებ BM.GE კომპანიას მიმართავს და მათ პასუხს მიღებისთანავე გაგიზიარებთ.