მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს კომპენსაციის ასარჩევად ორკვირიანი ვადა მისცა

რესპუბლიკური საავადმყოფო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია.

საქმე ის არის, რომ მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს.

„გუშინ [22 იანვარს] დაიწყო ოფიციალურად იურიდიულად შეთავაზების პროცესი. მათ დაახლოებით ორი კვირა ექნებათ იმისთვის, რომ კონკრეტული შეთავაზება აირჩიონ და მენეჯმენტს გააცნონ თავიანთი პოზიცია, თუ რომელი მიმართულებაა მათთვის ხელსაყრელი. შემდეგ დაიწყება შეთანხმებების იურიდიული პროცესი“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

როგორც bm.ge-ს კლინიკის თანამშრომელმა, ქირურგმა გიორგი კოპაძემ განუცხადა, პერსონალს გადაწყვეტილების მიღების ვადა 5-დან 15 თებერვლამდე აქვს.

„ოფიციალურად არის მოსული იურიდიული ბრძანება სამინისტროდან, იმისთვის, რომ 5-დან 15 თებერვლამდე კომპენსაციის რომელიმე შეთავაზებას უნდა დაეთანხმო, თუ არადა გიუქმებენ ხელშეკრულებას, შემდეგ ან სასამართლოს გზა არის, ან საერთოდ გიშვებენ“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ.

ცნობისთვის, კლინიკის თანამშრომლებს შემდეგი შეთავაზებები აქვთ:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები