მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა

სს
18.07.25 20:10
1728

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების" შესაბამისად იმოქმედებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით.

მთავრობის განკარგულება: https://www.gov.ge/files/618_92815_695386_1165.pdf

ცნობისთვის:

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გრანტების სააგენტოს 510 200 ლარი გამოუყო. 20 მაისს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, სააგენტო თანხას "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამიდან" მიიღებს. ზუსტი მიზნობრიობა კი, იქამდე 13 მაისს კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაშია ჩაშლილი, რომლითაც გრანტის მართვის სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდი დაამტკიცა. სააგენტოს თავმჯდომარის თამარ ზოდელავას ხელფასი თვეში ₾10 585 იქნება; მოადგილის – ₾8 760, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – ₾7 300. განკარგულებებიდან ჩანს, რომ ბიუჯეტის ნახევარი ხელფასებს მოხმარდება, ნახევარი კი „საქონლისა და მომსახურებისთვის“ არის განკუთვნილი.

ინფორმაციისთვის:

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა. სააგენტო ახალი სსიპ-ია, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობას დაექვემდებარება.

სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე დადგენილება 15 აპრილს გამოიცა, რომლის თანახმადაც სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები