მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა - რას ითვალისწინებს დოკუმენტი?

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობამ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საწარმოებში კორპორაციული მართვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების და სტანდარტების დანერგვას. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლის მეორე კვარტლისთვის აღნიშნული სტანდარტები არანაკლებ 10 სახელმწიფო კორპორაციაში უნდა იყოს დანერგილი.

სამოქმედო სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს მიერ ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწას. კერძოდ, ფინანსურ ზედამხედველობას უნდა დაექვემდებაროს ყველა ის სახელმწიფო კორპორაცია (გარდა შვილობილი კომპანიებისა), რომლის წლიური ბრუნვაც 10 მლნ ლარს აღემატება.

მთავრობის გეგმაა ასევე, რომ სახელმწიფო კორპორაციებში მკაფიოდ იყოს გამიჯნული კომერციული და არაკომერციული აქტივობები, ანუ ე.წ კვაზი-ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. როგორც გეგმაშია აღნიშნული, ამ მომენტისათვის ბუნდოვანია ზღვარი საწარმოთა კომერციულ და არაკომერციულ აქტივობებს შორის. ამ ეტაპზე მხოლოდ სამი საწარმო - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „საქართველოს რკინიგზა” და “ენგურჰესი” ახდენს ე.წ კვაზი-ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირებას. გეგმის თანახმად, 2027 წლისთვის სახელმწიფო კორპორაციების კორპორაციული განზრახვის განაცხადების სულ მცირე 80%-ში მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული კომერციული და არაკომერციული აქტივობები.

გეგმა ასევე მოიცავს სახელმწიფო საწარმოების ფლობის რაციონალის განსაზღვრას. კერძოდ, უნდა შემუშავდეს შესაბამისი ნორმები, რომლებიც არეგულირებს სახელმწიფო საწარმოების ფლობის და დაარსების რაციონალს.

ცნობისთვის, როგორც ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო საწარმოების ფლობის პოლიტიკის ჩამოყალიბება იქნება, რომელიც განსაზღვრავს, რომელი კომპანიების შენარჩუნება უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში და რომელი საწარმოების ეტაპობრივი პრივატიზება შეიძლება დაიგეგმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები