„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელიც საბჭოს ახალ კანდიდატებს შეარჩევს.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი 5 წლის ვადით ამტკიცებს და დღეს მოქმედი წევრები 2021 წლის პირველ იანვრიდან არიან დამტკიცებული. აქედან გამომდინარე მათ ვადა 2026 წლის პირველ იანვარს გასდით.
ირაკლი კობახიძის ბრძანების მიხედვით, კომისიამ უნდა უზრუნველყოს კანდიდატთა დავების განხილვის საბჭოს კანდიდატთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა და გადაწყვეტილების მისაღებად პრემიერისთვის წარდგენა.
შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იქნება; ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ფრანგულაშვილი და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ეკა ივანიშვილი.
306-ე ბრძანებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრების შერჩევაზე კონკურსი 11 ნოემბერს გამოცხადდა და განაცხადები 10 დღის განმავლობაში მიიღება.
ამასთან, კონკურსის გამოცხადებასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე საქართველოს მთავრობის საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტს დაევალა.
ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა 5 წევრისგან შედგება: ია შავერდოვი - საბჭოს თავმჯდომარე, ალეკო ნაჭყებია - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ასათიანი - საბჭოს წევრი, გიორგი გაფრინდაშვილი - საბჭოს წევრი, ზვიად კობალაძე - საბჭოს წევრი. საბჭოს
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი ორგანოა. საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
საბჭოს მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის“ შესაბამისად.

























