მთავრობამ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა.
ნაგავსაყრელის მოსაწყობად ღონისძიებების შემუშავება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, ხოლო აღსრულება შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა:
ა) შეიმუშაოს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების გეგმა;
ბ) უზრუნველყოს იაღლუჯის ქიმიური ნარჩენების განთავსების ყოფილ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ქონებად რეგისტრაცია და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კაპიტალში შეტანა;
გ) უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობების შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წესდებაში ასახვა.
ამასთან, განკარგულების თანახმად, რეგიონული განვითარების, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა, აგრეთვე შესაბამის მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულებმა ხელი უნდა შეუწყონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ამოცანების შესრულებაში.
სად განთავსდება ნაგავსაყრელი ჯერჯერობით უცნობია. როგორც BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ლოკაცია შესაბამისი კვლევების საფუძველზე განისაზღვრება.
ცნობისთვის, ამჟამად ქვეყანაში არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოქმედი სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი. სახიფათო ნარჩენები კანონით განიმარტება, როგორც ნარჩენები, რომლებსაც აქვს “ნარჩენების მართვის კოდექსის“ III დანართით გათვალისწინებული ერთი ან მეტი მახასიათებელი. აღნიშნული დანართის თანახმად, სახიფათო ნარჩენების განმსაზღვრელ მახასიათებლებში შედის ფეთქებადი, მჟანგავი, აალებადი, მავნე, ტოქსიკური, კანცეროგენული, კოროზიული, ინფექციური, რეპროდუქციისთვის ტოქსიკური, მუტაგენური, სენსიბილური, ეკოტოქსიკური ნივთიერებები, ასევე ნარჩენები, რომლებმაც განთავსების შემდეგ შესაძლოა გამოყოს სხვა ნივთიერება.




























