საქართველოს მთავრობის ინიციატივით დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახელობისთვის ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო, რომლის მიზანია თითოეული მოქალაქის სახლის კარამდე მივიდეს მართებული ინფორმაცია - თუ რა არის ვაქცინა, რატომ უნდა აიცრას მოსახლეობა და რა გზებით არის შესაძლებელი ვაქცინის მიღება.
"ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აქტიურად ერთვება ინფორმაციის გავრცელების პროცესში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 10 000 საინფორმაციო ბუკლეტის დარიგებას სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ,"- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილია 210,776 ადამიანი, რაც მოსახლეობის 5.6%-ია. მინიმუმ ერთჯერადად კი 478,164 ადამიანი არის აცრილი, რაც მოსახლეობის 12.8%-ია.



























