მთავრობა რომ „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზებას გეგმავდა, ამის შესახებ ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2018 წლის ნოემბერში Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა; უკვე დეკემბერში ქობულიამ ისიც თქვა, რომ სახელმწიფო ფოსტის პრივატიზების გამოცხადებისთვის “პრაქტიკულად მზად იყო“, თუმცა როგორც bm.ge-მ გაარკვია, „საქართველოს ფოსტა“ შესაძლოა, წელს საპრივატიზაციოდ ვერც გამოიტანონ.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ჩაჩანიძის თქმით, ამ ეტაპზე ფოსტის აუდიტი მიმდინარეობს, რაც „საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება“.
„საქართველოს ფოსტას“ პრივატიზების აქტიურ ფაზაზე გადასასვლელად დასასრულებელი აქვს აუდიტი. ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. ასეთი მოლოდინი გვაქვს და ნამდვილად ვიცით, რომ სწორად უნდა გაკეთდეს ეს პროცესი, რადგან შემდეგ შეიძლება ბევრი პროცესი გაგვეპაროს თუ ავჩქარდებით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ „საქართველოს ფოსტა“ იქნება ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი ეტაპობრივად გვექნება გავლილი. სწორედ შეფასების ეტაპზე ვართ ახლა“, - განაცხადა ჩაჩანიძემ.
დამატებით კითხვაზე - წელს საპრივატიზაციოდ გამოიტანენ თუ არა “საქართველოს ფოსტას”, სააგენტოში შემდეგი პასუხი აქვთ:
„ბუნებრივია, აუდიტის შედეგებამდე ამის ხმამაღლა თქმა, არ შეიძლება”, - აღნიშნა ჩაჩანიძემ და ვერც ის დაახლოებითი ვადები დაასახელა, რაც აუდიტის დასრულებას სჭირდება.
„ვადების თქმა მიჭირს იქიდან გამომდინარე, რა პროცესი იქნება. ხანდახან ოპტიმისტურად დაგეგმილი აუდიტი უფრო მცირე ვადას მოითხოვს, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ უფრო მეტი რაღაცაა შესასწავლი... ამდენად, ობიექტს გასაყიდად გამოვიტანთ თუ არა წელს, აუდიტის შედეგებამდე ამის თქმა, ბუნებრივია, არ შეგვიძლია”, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ ფოსტის შეძენით „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ არიან დაინტერესებულნი, მაგრამ აღნიშნულის სურვილი „საქართველოს ბანკში“ არ დაადასტურეს, ხოლო „თიბისიი ბანკში“ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

























