შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განვითარებისთვის 2025 წლის ბიუჯეტში სულ 25 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, საიდანაც 10 თვეში ეკონომიკის სამინისტრომ მხოლოდ 6.5 მილიონი ლარი აითვისა. ამასთან, სამინისტრო 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით კაბელის განვითარებაზე მომდევნო წელსაც 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
BMG-იმ ოქტომბერში პროექტთან დაკავშირებით კითხვით მიმართა ევროკომისიას, სადაც განმარტავენ, რომ ამჟამად პროექტი ევროკავშირისგან საერთო ინტერესის პროექტის სტატუსის, ანუ PCI/PMI-ის მინიჭების მოლოდინშია. აღნიშნული სტატუსის მინიჭების შემთხვევაში EU-ს მხრიდან პროექტის დაფინანსებისთვის რესურსების გამოყოფა უფრო რეალური გახდება.
"თუ PMI სტატუსი მიენიჭება, პროექტს მიეცემა რიგი უპირატესობები, მათ შორის ნებართვების გაცემის პროცესის სისწრაფე. თუ ყველა შესაბამისი პირობა დაკმაყოფილდება, კონკურენტული განაცხადის პროცესის მეშვეობით Connecting Europe Facility (CEF) პროგრამიდან თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება", - აცხადებენ ევროკომისიაში.
ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი საქართველოდან შავი ზღვის გავლით რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოსავლენად, საქართველოს ინიციატივით, 2022 წლის მაისში დაიწყო. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იტალიურმა ენერგეტიკულმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა მოამზადა.




























