მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შტატგარეშე მოხელეებზე 9 თვეში რეკორდულად დიდი თანხა - 247 მლნ დახარჯა

618a353e846ff
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.21 23:00
983
გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი სამი კვარტლის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელებს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული “შტატგარეშე მოხელეების” ანაზღაურება 246.6 მილიონი ლარი დაუჯდა.

შედარებისთვის, ეს თანხა 2020 წლის 9 თვეში შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებას 44.4 მილიონი ლარით ანუ 22%-ით აღემატება.

ბიუჯეტის სტატისტიკაში არ არის წარმოდგენილი, თუ რამდენი ადამიანი არის საჯარო სექტორში შტატგარეშე მოსამსახურედ გაფორმებული.

რაც შეეხება შტატიანი მოხელეების ანაზღაურებებს, მან 2021 წლის პირველ 9 თვეში 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 74.8 მილიონი ლარით მეტია.

მთლიანობაში, 9 თვეში სახელმწიფო აპარატის შენახვა (შტატიანის და შტატგარეშეს) 1.45 მილიარდი ლარი, ანუ წინა წელთან შედარებით 119 მილიონი ლარით უფრო ძვირი დაჯდა.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად - "შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად".

ქართულ კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული მკაფიო ლიმიტი, თუ რამდენი ხანი შეიძლება მოხელეს შტატგარეშეს სტატუსი ჰქონდეს. ასევე შტატგარეშე მოხელეებზე არ ვრცელდება იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც ჩვეულებრივ საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის არის განსაზღვრული. საკვალიფიკაციო მოთხოვნების ფაქტობრივად არარსებობასთან ერთად არ არის განსაზღვრული რეგულაციებიც, თუ რა უნდა იყოს შტატგარეშე მოხელის ანაზღაურება.

მომდევნო წელს საქართველოში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება, რასაც 2022 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი ითვალისწინებს. მისი მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მხარჯავ უწყებებში მოხელეთა საბაზო ანაზღაურება ამჟამად მოქმედი 1000 ლარის ნაცვლად, 1100 ლარი გახდება. შესაბამისად გაიზრდება “კლასის” კოეფიციენტის დანამატი რასაც მოხელეები იღებენ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ხელფასების მატება შეეხებათ პოლიციაში, შეიარაღებულ ძალებსა და სასწრაფო დახმარების სამსახურებში მომუშავე პერსონალსაც. მთლიანობაში ამ ცვლილების შედეგად, საჯარო მოხელეთა სახელფასო ფონდი 177 მილიონი ლარით, 1.83 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

იმის გათვალისწინებით, რომ გამუდმებით მზარდია შტატგარეშე მოხელეთა რაოდენობა და მათი ხელფასებიც, 2022 წელს შტატიანი და შტატგარეშე მოხელეთა მთლიანი ხელფასების მოცულობა სავარაუდოდ 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები