მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული 105 მლნ ლარის ხელფასები გასცა

645a00ff763fd
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.23 12:24
1026
საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის პირველ კვარტალში 105.7 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 400 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპში. თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად მზარდია.

შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2023 წლის პირველ კვარტალში მათზე ჯამში 509 მილიონის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 61 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.2 მილიარდ ლარს აიღებს.

მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.

ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები 2022 წელს 10%-ით უკვე გაზარდა, რაც საბაზო ხელფასის 1,100 ლარამდე გაზრდით მოხდა.

საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები. საჯარო სექტორში შედის 60,000-მდე პედაგოგიც, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან, ასევე ათასობით ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სსიპ-ებსა და ააიპ-ებში არიან დასაქმებული. საგულისხმოა ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ჯამურ მონაცემს თუ რამდენი მილიარდი ლარი იხარჯება საჯარო სექტორში დასაქმებული 301,000 ადამიანის ხელფასზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა (113,000 პირის) ხელფასებს აღრიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები