მთავრობამ სოფლის განვითარების სააგენტოსთვის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე მორიგი გამონაკლისი დაუშვა. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულების ახალი რედაქციით, სააგენტოს უფლება ეძლევა, შრომითი ხელშეკრულებით (შტატგარეშე) იმაზე მეტი პირი დაასაქმოს, ვიდრე ამას კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ ითვალისწინებს.
ცვლილება ეხება სააგენტოს ფუნქციონირებისთვის საჭირო დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესრულებას. დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის განმავლობაში უწყებაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა 138 ერთეულით განისაზღვრა.
ზოგადი წესით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი ზღუდავს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობას და მათზე გასაცემ ანაზღაურებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბიუროკრატიული ხარჯების გაუმართლებელი ზრდა. თუმცა, მთავრობას აქვს უფლება, ცალკეული უწყებებისთვის დაუშვას გამონაკლისი, თუ ამას „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის“ ამოცანები მოითხოვს.
სოფლის განვითარების სააგენტოს შემთხვევაში, მთავრობამ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი და სააგენტო გაათავისუფლა ბიუჯეტით გათვალისწინებული იმ ლიმიტებისგან, რომლებიც შტატგარეშე პერსონალის რაოდენობასა და მათ შრომის ანაზღაურებაზე ვრცელდება.
განკარგულების თანახმად, 138 საშტატო ერთეული შემდეგნაირად ნაწილდება:
- 122 თანამშრომელი - პროგრამისთვის „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვა“ აქედან 120 ადამიანი დამხმარე ამოცანებზე იმუშავებს, 2 კი არამუდმივ ამოცანებზე. აღნიშნული პროგრამა მოიცავს თითქმის ყველა სახელმწიფო სუბსიდიასა და გრანტს, რომელსაც უწყება გასცემს.
- 16 თანამშრომელი - ქვეპროგრამისთვის „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი“. აღნიშნული პროექტი გულისხმობს ქვეყანაში ფერმერული მეურნეობების აღრიცხვასა და ერთიანი ბაზის შექმნას, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საგამოძიებო სამსახურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს არაერთი თანამშრომელი და დაკავშირებული პირი სხვადასხვა დროს დააკავა. მათ შორის, პროექტების მართვის და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე.




























