ცესკოს თავმჯდომარეს წინასაარჩევნოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს - განკარგულება საქართველოს მთავრობის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული და მას ირაკლი კობახიძე 10 ოქტომბერს აწერს ხელს.
ცესკოში bm.ge-სთან განმარტავენ, რომ ეს წინასაარჩევნო პრაქტიკაა და დაცვა ცესკოს ყველა თავმჯდომარეს ენიშნებოდა.
განკარგულებაში წერია:
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის No73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს.
2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
განკარგულებაში განმარტებული არ არის, თუ როდემდე დაიცავს კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.