მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ უცხოური გრანტის შეთანხმების გამკაცრებული წესი დაამტკიცა|დადგენილება

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

საქართველოს მთავრობის 18 ივნისის დადგენილებით, „უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი და პირობები“ განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდა.

აღნიშნული აქტი „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე უცხოელი დონორების მიერ გრანტის გაცემის საკითხის შეთანხმებას არეგულირებს და შესაბამისად, მასში აისახა ის უახლესი ცვლილებები, რაც "ოცნებამ" „გრანტების შესახებ“ კანონში შეიტანა.

შედეგად, მთავრობამ გაამკაცრა და მეტად დააკონკრეტა უცხოური გრანტების შეთანხმების ფილტრი. თუ წინა ვერსია ძირითადად უცხოური დონორების მიერ ორგანიზაციებისთვის და პროექტებისთვის გრანტების გაცემის შეთანხმების წესს არეგულირებდა, ახალი რედაქცია უკვე მოიცავს მათ შორის ფიზიკურ პირებს, პოლიტიკურ/საზოგადოებრივ გავლენასთან დაკავშირებულ დაფინანსებებს და გრანტის მნიშვნელოვნად გაფართოებულ განმარტებას.

გრანტის ახალი განმარტებით ფულადი და ქონებრივი დახმარების გარდა, გრანტად შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკური, საკონსულტაციო და ექსპერტული მხარდაჭერაც, აგრეთვე უცხოური წყაროდან მიღებული დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია საჯარო პოლიტიკაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოებრივ პროცესებზე გავლენის მოხდენასთან.

აღსანიშნავია, რომ გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ფართომასშტაბიანი ცვლილებები ერთ-ერთია "ოცნების" იმ ინიციატივებიდან, რომლის გაუქმებასაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი უახლესი ანგარიშით ითხოვს და ხაზს უსვამს მის ნეგატიურ გავლენას სამოქალაქო საზოგადოებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები