პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორში ახალი რეგულაციების დაწესების თაობაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიღება Moneyval-ის რეკომენდაციებითაა განპირობებული და ის აზარტული თამაშების სექტორს ანგარიშვალდებულების ახალ მოთხოვნებს უწესებს.
“პროექტის თანახმად, სისტემურ-ელექტრონულ ფორმით აზარტული ან/და მომგებიან თამაშობებზე შემოდის ნებართვის სახეები. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სათამაშო აპარატების თამაშობების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობები. ონლაინ თამაშობებზე ნებართვა გაიცემა ფიზიკურად არსებული ნებართვის მფლობელებზე, როგორც დღეის მდგომარეობითაა, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით, კერძოდ, სამორინეს ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სამორინე, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორი - ონლაინ ტოტალიზატორის ნებართვა,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამ მოთხოვნების დარღვევისთვის, განსაზღვრულია საჯარიმო სანქციები, რაც 20,000-დან 50,000 ლარამდე არის განსაზღვრული.
“ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების შემოღებას სანებართვო პირობების დარღვევისთვის და მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისათვის. კერძოდ: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარით,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.



























