ორთაჭალის სადგურში საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. კერძოდ, კახეთისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები "ისნის" მეტროსთან მგზავრების აყვანის მიზნით, რამდენიმე წუთით გაჩერების უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, მეტროსთან დააყენეს ვიდეოკამერები და გაჩერების შემთხვევაში აჯარიმებენ.
"ვთხოვთ მთავრობას, გამგეობას, თუ ვინმე ავალია ეგ საქმე, მოგვეხმაროს და მოგვხედონ, რომ ჩვენ ამ გაძვირებულ საწვავის ფონზე, დაგვეხმარონ... არ შეიძლებაო, აქ [ისნის მეტროსთან მოსახვევში, სადაც მანამდე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჩერდებოდა] საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გაჩერდეს მარტოო და ჩვენც ხომ ხალხი გადაგვყავს", - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
"ისნის მეტრო არის კახეთის მაცოცხლებელი, ყველა - ვაჟა-ფშაველა თუ დიდუბეა, ყველა მოდის ისნის მეტროსთან [კახეთისკენ გასამგზავრებლად]. წარმოიდგინეთ, ვინ უნდა მოვიდეს [ისნიდან] ორთაჭალაში? ყველა იცდის ზევით, მეტროსთან. ვინც პატრონობს [ორთაჭალის] სადგურს, ქალაქის მერიაში შეიტანა განცხადება, რომ ჩვენ მანქანებს მიეცით უფლება, მანდ გაჩერებისო - შენც არ მომიკვდე, პასუხი არ არის", - ამბობს კიდევ ერთი მძღოლი.
ცნობისთვის, თბილისიდან კახეთის მიმართულებით მიმავალ მიკროავტობუსებს მეტროსადგურ „ისანთან“ გაჩერება და მგზავრების აყვანა ეკრძალებათ და მგზავრებს ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ ორთაჭალიდან შეუძლიათ.

























