მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ე.წ. მწვანე ბონდების გამოშვების იდეა აქვს

5c17714be5f3a
თელარა გელანტია
17.12.18 13:47
1100
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას ე.წ. მწვანე ბონდების გამოშვების იდეა აქვს.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკაში გარანტირებული შესყიდვის პრაქტიკაზე საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, დღემდე არსებული პრაქტიკა იყო და ახლა არის ის, რომ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებზე გარკვეული გარანტირებული შესყიდვები უნდა გაიცეს.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გარკვეული რისკების მატარებელ რეგიონშია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ბანკები, სამწუხაროდ, რიგ პროექტებს ე.წ. ბანკბლ (დაფინანსებად) პროექტებად არ თვლიან და ამიტომ საჭიროა, გარანტიების გაცემა.

„თუმცა ჩვენ შემოვიტანთ ახალ ინციატივას განახლებადი ენერგიების შესახებ კანონ პროექტით და ზოგადად, ჩვენი რეფორმა იმას გულისხმობს, რომ ნელ-ნელა ამ პრაქტიკას (გარანტირებული შესყიდვა) შევზღუდავთ და დავტოვებთ მხოლოდ იმ ნაწლში, რა ნაწილშიც ეს დაეხმარება საშუალო ზომის და დიდ პროექტებს. მინდა გითხრათ, რომ მიღებულია საჯარო-კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონი, რომელიც ახალ ურთიერთობებს აწესებს და უფრო მეტ საშუალებას უქმნის სახელმწიფოს, რომ სხვა ფორმებითაც ჩაერთოს ე.წ. PPP პროექტებში, რომელსაც მიეკუთვნება გენერაციის ბევრი პროექტი“, - განაცხადა თურნავამ.

მისი განცხადებით, მთავრობა მსხვილი ენერგოპროექტების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ საპენსიო ფონდს და ასევე, ე.წ. მწვანე ბონდების გამოშვებას განიხილავს.
„მსხვილი პროექტები აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისა და საბაზისო სიმძლავრეებისთვის. ეს პროექტები ძვირია და მათი ეფექტი სამომხმარებლო ტარიფზე რომ შემცირდეს, განიხილება, რომ მათ შორის, სახელმწიფომ მიიღოს მონაწილეობა არა მხოლოდ გარანტიების მხრივ, არამედ თანადაფინანსებაში და ერთ-ერთ წყაროდ ამ მხრივ შეიძლება, განხილული იყოს საპენსიო ფონდი; უბრალოდ გარკვეული დათქმებით; მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება ისეთი სტრუქტურის მოწყობა, რომლითაც ეს თანხებიც ჩაერთვება და მოსახლეობის უფრო ფართო ფენებიც ჩაერთვებიან. მაგალითად ე.წ. მწვანე ბონდების იდეაც გვაქვს. ალბათ მინისტრიც გააჟღერებს ამას საკომიტეტო მოსმენაზე; რადგან არის ისეთი პროექტები, რომელიც მართლაც საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესს წარმოადგენს და სწორი იქნება, რომ გარკვეული თანამონაწილეობა თანადაფინანსებასა და თანასაკუთრებაში მიიღოს მოსახლეობამაც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავას თქმით, ე.წ. მწვანე ბონდები მოსახლეობაში იქნება განთავსებული.

„ეს საკითხები დადგება დღის წესრიგში, როცა დარგობრივი სტრატეგიის განხილვას დავიწყებთ; ვმსჯელობთ ამ თემებზე. საბოლოოდ არ ვართ ჩამოყალიბებული; ასევე ველოდებით როგორ ჩამოყალიბდება საპენსიო ფონდი“, - აღნიშნა ქობულიას მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები