მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხების აუთვისებლობის გამო, ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს

5c0792098da1e
დათო ჯალაღონია
05.12.18 12:52
887
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხების აუთვისებლობის გამო, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის.

მთავრობამ პარლამენტს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი გადაუგზავნა.

კანონპროექტის თანახმად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიმდინარე წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები გახდა საჭირო, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობაა.

ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ხარჯები 269 მლნ ლარით მცირდება და 1 546 მლნ ლარს შეადგენს.

„2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად, პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათავლისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც“, - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 321 მლნ ლარით და განისაზღვრება 915.8 მლნ ლარით, დაგეგმილი პროექტების ნაწილობრივ, მომდევნო წლებზე გადანაწილების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მიმდინარე წელს მისაღებ გრანტებს, ეს მაჩვენებელიც მცირდება - 74.3 მლნ ლარით.

„მათ შორის საბიუჯეტო დახმარებების სახით მისაღები გრანტები მცირდება 50,0 მლნ ლარით, ვინაიდან შესაძლებელია ევროკავშირიდან მისაღები გრანტები მიღება ნაცვლად 2018 წლის დეკემბრისა ჩამოირიცხოს 2019 წლის იანვარში. საინვესტიციო პროექტებზე გამოყოფილი გრანტების მოცულობა მცირდება 24,3 მლნ ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები