მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობას რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების დაფინანსება თითქმის 15 მლნ ლარი დაუჯდება

5c7b9d311736e
ლევან თაღიაშვილი
03.03.19 14:00
1209

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობა რკინიგზის სამგზავრო ნაწილს ბიუჯეტიდან დააფინანსებს, წელს უნდა ამოქმედდეს.

"კანონპროექტი პარლამენტში წარდგენილი გვაქვს და ამჟამად საკომიტეტო მოსმენებს გადის. "სარკინიგზო კოდექსში" საკანონმდებლო ცვლილება უახლოეს პერიოდში იგეგმება, წელს უნდა დამტკიცდეს ნებისმიერ შემთხვევაში. კალკულაციას რაც შეეხება, დაახლოებით, 15 მილიონ ლარამდე დაჯდება ეს ყველაფერი. ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც გაიმიჯნება სარკინიგზო ოპერატორი ინფრასტრუქტურისგან და ინფრასტრუქტურაზე დაშვების ხარჯები ცალკე ანაზღაურებას დაექვემდებარება, ეს თანხა დაახლოებით, 50 მილიონამდე გაიზრდება, ოღონდ ეს ცვლილება 2022 წლისთვის განხორციელდება", - განაცხადა მან.

აქვე, აკაკი საღირაშვილი განმარტავს, რომ სამგზავრო გადაყვანები სოციალური პროექტია, შესაბამისად, თუ სახელმწიფომ ამ პროცესს ხელი არ შეუწყო, ბიზნესს წამგებიანი ინტერესი არ გაუჩნდება.

"ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეს პირდაპირი მოვალეობაა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება და ხედვაა, ვინაიდან რკინიგზა და ნებისმიერი სხვა ოპერატორი, ეს არის კომერციულ ბაზისებზე მომუშავე სტრუქტურა, მას უნდა გააჩნდეს კომერციული ინტერესი. სამგზავრო გადაყვანები სოციალური პროექტია, ვინაიდან ის მოგებას არ გენერირებს. ეს არის საჯარო სერვისის ვალდებულება. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ ამგვარი სერვისი ქვეყანაში არსებობდეს", - აღნიშნა მან.

ლევან თაღიაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები