მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობას საგადასახადო და პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ექნება - კანონი დაჩქარებული წესით მიიღეს

დაშვებული დროშები

პარლამენტმა დღეს, 12 ნოემბერს, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციას მიენიჭება უფლებამოსილება გამოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, თანამდებობის პირების, სსიპ-ების, სახელმწიფო საწარმოების და ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაცია - მათ შორის, საგადასახადო საიდუმლოებისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი მონაცემები.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობა.

ცვლილებები შეეხო:

  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის წესის შესახებ“ კანონს;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონს;
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსს“.

მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნული ფუნქციას განახორციელებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა შესრულების მონიტორინგი, რისკების შეფასება, მონაცემების ანალიზი და ეფექტიანობის კონტროლი.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მხოლოდ საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით რისკების სრულფასოვანი შეფასება შეუძლებელია, ამიტომ დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს მონაცემთა გამოთხოვის უფლებამოსილება.

„სამუშაო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა პერსონალური და სხვა ტიპის მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს ობიექტური და რეალური სურათის დასანახად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მთავრობის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ინიციატივა გაზრდის მონაცემთა ანალიზის ხარისხს და შესაძლებელს გახდის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანგარიშების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას.

დოკუმენტში მოყვანილია მაგალითიც, ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებათა ჯამმა 36,94 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც მხოლოდ 2024 წელს განხორციელდა 8,14 მილიარდი ლარის შესყიდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები