საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით. მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე შუა დერეფნის მარშრუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ფორუმზე 70-მდე ქვეყნიდან გვყავს მონაწილეები, ვსაუბრობთ შუა დერეფანზე და სწორედ პარტნიორი ქვეყნებია ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევაა, რომ კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გავხდეთ და უფრო მეტი ღირებულება შევძინოთ ჩვენ ქვეყნებს, რასაკვირველია, ეს ყველაფერი გვაერთიანებს. საქართველოს მთავრობას მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტების და შუა დერეფნის განვითარების კუთხით. როცა ვსაუბრობთ საქართველოს როლზე, რა თქმა უნდა, მთავრობა უზრუნველყოფს და ხაზს უსვამს საქართველოს როლს შუა დერეფნის პროექტში და პირველი, რასაც ვაკეთებთ, ის არის, რომ თანხვედრაში ვიყოთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან. ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი ამ თემაზე და ვაერთიანებთ ძალისხმევას, რომ გამოვავლინოთ არსებული დაბრკოლებები. ამ დაბრკოლებების გამოვლენის შემდეგ გვაინტერესებს, რა არის ის სფერო, სადაც თითოეულმა ქვეყანამ თავისი საშინაო დავალება უნდა შეასრულოს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება საქართველოში და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ შუა დერეფანში.
„პირველი ჩვენი რკინიგზის მოდერნიზების პროექტია. უკვე დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამაში და ვაორმაგებთ გამტარუნარიანობას, ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე. მომავალი წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას და უზრუნველყოფს, რკინიგზას ჰქონდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი წვდომა ფინანსებზე, რომ უფრო მეტი საქონელი და ტვირთი გაატაროს, იყოს კარგი პარტნიორი აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის. ამასთან, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უწყვეტად გავაგრძელოთ ჩვენი, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიცია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად.
„ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია. ვაპირებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2029 წლის დასაწყისში, შესაძლებელია 2028 წლის ბოლოსაც კი ჩავუშვათ და ის ძალიან დიდ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასევე, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ განხორციელდეს უფრო მეტი საქონლის ტრანზიტი და გადაზიდვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რადგან ხდება ზღვის ფსკერის დაღრმავება. მინისტრის ინფორმაციით, პროექტში ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ დიდი თანხაა ჩადებული.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა სხვა მსხვილი პროექტების მიმდინარეობაზეც ისაუბრა, მათ შორის ტრანსპორტის სექტორში. მინისტრმა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტზე გააკეთა აქცენტი.
„მნიშვნელოვანი ინიციატივაა თბილისის ახალი აეროპორტის გახსნა, ვინაიდან იხსნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და რა თქმა უნდა, ეს ეხება ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს, მზარდ სექტორებს. ვითარდება სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორები - ეს დარგები ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა, დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკაში და აჩვენებენ დიდ ზრდას როგორც ყოველწლიურად, ასევე კვარტალურად. ხაზგასასმელია, რომ იზრდება მგზავრთა ნაკადი, ქვეყანაში გვაქვს სამი საერთაშორისო აეროპორტი, გავაკეთეთ შეფასება, ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა და საუბარია დედაქალაქში, ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომლის გამტარუნარიანობა 20 მილიონი იქნება. ჩვენი შეფასებით, აეროპორტის ოპერირება 2032 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა, მომხსენებლები ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოსმან ბოირაზი იყვნენ.




























