ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, მთავრობა დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში ცემენტის მწარმოებლად მხოლოდ „ჰაიდელბერგცემენტი“ დარჩეს, რომელიც ბაზრის უდიდეს ნაწილს ისედაც ფლობს.
მწარმოებელთა განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 აგვისტოს 12 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებას აპირებენ.
გთავაზობთ მწარმოებლების განცხადებას უცვლელად:
„ჩვენ კონსტრუქციული ურთიერთობის ყველა გზა ვცადეთ. მივმართეთ პრემიერს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ბიზნესომბუდსმენს. ბიზნესომბუდსმენთან შედგა რამდენიმე შეხვედრაც. ის საჯაროდ აფიქსირებს, რომ პრობლემა რეალურია და რომ ჩვენი პრეტენზიები საფუძვლიანი და ობიექტურია. მივიღეთ გამოხმაურებები და დაპირებები, რომ მთავრობა კვირის ბოლომდე გადაჭრიდა პრობლემას, რასაც ჰქვია კლინკერის - ცემენტის საწარმოებლად აუცილებელი ნედლეულის იმპორტის საბაჟოზე შეფერხება. შესაბამისად, თავი შევიკავეთ საპროტესტო აქციების ორგანიზებისგან.
თუმცა, სამწუხაროდ, დაპირება დაპირებად დარჩა - ჩაიარა კვირის ბოლომაც და დღეს, ორშაბათს, 27 აგვისტოს, რეალურად არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ტვირთები ნედლეულის ხარისხის კონტროლის მომიზეზებით ისევ საბაჟოზე არის გაჩერებელი (არანაირი ექსპერტიზა მათ არ უტარდება - უბრალოდ დგას) და რეალურ პასუხს, რა იქნება ხვალ - მთავრობა არ იძლევა.
ჩვენ ვართ იმედგაცრუებულები და იძულებულნი ვართ საკუთარი შრომის უფლების დასაცავად წამოვიწყოთ მასშტაბური საპროტესტო აქციები. ბოლო ერთი თვის მანძილზე ბევრჯერ საჯაროდ ავხსენით, თუ რას ნიშნავს და რას იწვევს ნედლეულის იმპორტის შეფერხება. რომ ეს არის საწარმოო ციკლის წყვეტა, სექტორში დასაქმებული 700 ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დარჩენა, - შესაბამისად, მათთან დაკავშირებული მინიმუმ 2000-ზე მეტი ადამიანის შემოსავლის გარეშე დარჩენა. რომ ეს არის განადგურებული ადგილობრივი წარმოება.
ჩვენი მოთხოვნები მარტივია - მივმართავთ მთავრობას - მოგვეცით საშუალება, ვიმუშაოთ, შევქმნათ და ბაზარს მივაწოდოთ სწორედაც რომ ხარისხიანი პროდუქცია.
ამოწმეთ ხარისხზე სადაც გინდათ და რამდენიც გინდათ ჩვენი პროდუქცია - ცემენტი.
დაანებეთ თავი ველოსიპედის გამოგონებას და ვითომ ნედლეულის ხარისხის კონტროლზე ზრუნვას. კიდევ ვამბობთ - არაფრის მომცემია ნედლეულის ხარისხის კონტროლზე ზრუნვა ჯერ ერთი, - კლინკერის ხარისხის შემოწმების შესაბამისი სტანდარტი არ არსებობს.
ჩვენ არ გვესმის რატომ, მაგრამ ფაქტია, მთავრობას უნდა, რომ ნედლეული საბაჟოზე იდგეს თვეობით, იმპორტიორებმა ხელი აიღონ აღნიშნული ნედლეულის შემოტანაზე და ჩვენთვის მოწოდებაზე, გაჩერდეს ადგილობრივი წარმოებები და ქვეყანაში ცემენტის ერთადერთ მწარმოებლად საბოლოოდ ჩამოყალიბდეს „ჰაიდელბერგცემენტი“, რომელიც ისედაც ფლობს ბაზრის 80%-ზე მეტს და ისედაც არის მონოპოლისტი, თუმცა არ თამაშობს და არც არასდროს თამაშობდა იმ წესებით, რაც მონოპოლისტს მოეთხოვება. ამას მთავრობა ყურადღებას არ აქცევს.
ზეგ, 29 აგვისტოს, ოთხშაბათს, 12 საათზე, ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები, ჩვენს ოჯახის წევრებთან და ჩევნს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ადამიანებთან ერთად, ვიკრიბებით სახელმწიფო კანცელარიასთან და კანონის ფარგლებში დაშვებული ყველა გზითა და საშუალებით მივაწვდენთ ჩვენს სამართლიან პროტესტს პრემიერს და მთლიანად მთავრობას“, - ნათქვამია ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა 20 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართეს და საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსეს. იმავე დღეს, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, მწარმოებლებს პრემიერის აპარატიდან გამოეხმაურენ და პრობლემაში გარკვევას და მის მოგვარებას კვირის ბოლომდე დაპირდნენ.