მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობასა და ანაკლიის პორტის პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებს შორის მუდმივი კომუნიკაციაა"

5cc968719cde6
სალომე მეცხვარიშვილი
01.05.19 13:34
623
სსიპ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე ამბობს, რომ მთავრობასა და ანაკლიის პორტის პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მუდმივი და ყოველდღიური კომუნიკაციაა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, რატომ ჩაიშალა აპრილში დაგეგმილი შეხვედრა მთავრობასა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ უნდა განეხილათ საინვესტიციო ხელშეკრულებაში არსებული პუნქტები, რომელზეც ამ დრომდე მხარეები ვერ თანხმდებიან.

საუბარია ხელშეკრულების 8 პუნქტზე, რის დაკმაყოფილებასაც საფინანსო ინსტიტუტები მთავრობისგან ითხოვენ იმისთვის, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" დაფინანსება გამოუყონ. ამ დაფინანსების მოსაპოვებლად კი კონსორციუმს ვადა 15 ივნისამდე აქვს. 8-პუნქტიან სადავო საკითხებს შორის არის სახელმწიფოს მიერ ანაკლიის კონსორციუმისთვის გარანტიის მიცემა ტვირთებთან დაკავშირებით.

"მთავრობისთვის ეს რთულ თემად რჩება, მაგრამ მოლაპარაკებები სწორედ ამისთვის არის, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება მხარეებს შორის", - აცხადებს დავით ჯავახაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს მთავრობას, ინვესტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მოლაპარაკება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახურვის მიღწევა.

"მოლაპარაკებების ერთი რაუნდი იყო, თუმცა არ შეწყვეტილა მოლაპარაკებები. გვქონდა არაერთი მიმოწერა და კომუნიკაცია, რომელიც შეეხებოდა დაზუსტებებს ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. ეს იყო მთელი აპრილის და არამარტო მარტის განმავლობაში. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ დიდი ალბათობით მაისში დაიგეგმოს შეხვედრა და მოხდეს პოზიციების შეჯერება", - აცხადებს სსიპ-ის ხელმძღვანელი.

კითხვაზე, მოლაპარაკების გაჭიანურების შედეგად, რამდენად ჩაეტევა ანაკლიის კონსორციუმი მისთვის მიცემულ ვადებში, დავით ჯავახაძე პასუხობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამთავრობო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ძირითადი სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები