მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

5cb8b61cf4233
დავით ჯალაღონია
18.04.19 21:37
777
პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი ნათია თურნავა დანიშნა, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

როგორც პრემიერის ამ გადაწყვეტილების განმარტებისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქობულიას თანამდებობიდან წასვლა კონსულტაციების შედეგად მოხდა.

"გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად, როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ისევე რა თქმა უნდა დანიშვნის დროს, ქალბატონ ნათია თურნავასთან, ამავდროულად უმრავლესობის ლიდერებთან. ასე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ბუნებრივი პროცესი", – განაცხადა კახიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ქობულია საკუთარი ნებით წავიდა თუ არა თანამდებობიდან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა პასუხად საკუთარი განცხადება გაიმეორა.

"როდესაც მე ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციის შედეგად გადაწყდა. სხვა განმარტებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთებს ხვალ, მთავრობის სხდომამდე საქართველოს პრემიერ–მონისტრი", – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები