მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ 195 კვ ბინა საბაზრო ფასზე ორჯერ იაფად შეიძინა - TI

ილია შამუგია
23.05.24 11:30
1849

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ილია შამუგიამ, 2023 წლის ოქტომბერში „თბილისი გარდენსის“ კომპლექსში 195.7 კვ.მ ბინა საბაზრო ფასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებად შეიძინა - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მაღალჩინოსნის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის საფუძველზე ავრცელებს.

TI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბინა "თბილისი გარდენსის" პროექტში კომპანიის ვებგვერდის თანახმად დაახლოებით 1.3 მილიონი ლარი, ანი 512 ათასი დოლარი ღირს. თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შამუგიამ ის 283 ათას დოლარად იყიდა, ხოლო ქონებრივ დეკლარაციაში კი მხოლოდ 226,400 დოლარის გადახდა მიუთითა.

ილია შამუგიამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტი 2024 წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დამტკიცების შემდეგ დაიკავა.

TI-ის შეფასება ილია შამუგიას ქონებრივ დეკლარაციაზე:

დარღვევა I: ილია შამუგიამ „თბილისი გარდენსის“ კომპლექსში შეძენილი 195.7 კვ.მ ბინის ღირებულებად 226 400 აშშ დოლარი მიუთითა, მაშინ როცა ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მან 283 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

დარღვევა II: დეკლარაციაში სრულად არ არის ასახული ინფორმაცია უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, დეკლარაციაში არსად ჩანს ის 56 600 აშშ დოლარი, რაც კონტრაქტის მიხედვით, მან ბინის შესაძენად დამატებით გადაიხადა. ილია შამუგიას დეკლარირებული შემოსავალი არ უნდა ყოფილიყო საკმარისი ამ ხარჯის გასაწევად.

დარღვევა III: ილია შამუგიამ სრულად არ გაასაჯაროვა მის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშები, კერძოდ მან არ მიუთითა „თი ბი სი ბანკში“ არსებული ანგარიშები უცხოურ ვალუტაში. დეკლარირებული ინფორმაციით, მას საბანკო ანგარიშებზე ჯამში 20 ლარი აქვს განთავსებული.

2024 წლის 13 აპრილს “ტვ პირველის” გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი ილია შამუგიას და მისი ოჯახის რუსეთთან კავშირებზე. შამუგიას ოჯახის წევრებს რუსეთ/საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და ამასთან, რუსეთიდან ნავთობის იმპორტითაც იყვნენ დაკავებულები. როგორც ირკვევა, 2017 წლის თებერვლამდე ილია შამუგია რუსეთში ფეხბურთელი იყო. ცესკო-ს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ილია შამუგია მხოლოდ 2017 თებერვალში რეგისტრირდება და მუშაობას იწყებს საქართველოს პარლამენტში.

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ილია შამუგიას ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ (სულ მცირე, განათლება და სამუშაო გამოცდილება).

მოვუწოდებთ:

  • ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ილია შამუგიას დეკლარაცია და იმოქმედოს კანონის შესაბამისად;
  • მთავრობის ადმინისტრაციას გაასაჯაროოს კანონით დადგენილი ინფორმაცია ილია შამუგიას განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე,"- ნათქვამია TI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები