სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, დათანხდება თუ არა მთავრობა საერთაშორისო ინვესტორების მოთხოვნებს, რომლებიც ამ თანხმობის სანაცვლოდ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას $400 მილიონი დოლარით დააფინანსებენ. ლევან ახვლედიანის თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე მოლაპარაკებების ყველა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დიალოგისა და კომპრომისისთვის. ახვლედიანი ასევე ამბობს, რომ მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს წერილობით ჩამოყალიბებული პოზიცია ამ რვა პუნქტთან დაკავშირებით და კონსორციუმის ერთერთი თხოვნა შემდეგი შეხვედრისთვის სახელმწიფოს ხედვის წერილობითი წარდგენაა.
“გუშინ საღამოს შედგა შეხვედრა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, საქართველოში EBRD-ის რეგიონალურ დირექტორსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. იყო საუბარი რა თქმა უნდა იგივე თემაზე, ამ რვა პუნქტთან მიმართებაში. ასევე მოხდა დაგეგმარება შემდეგი შეხვედრის. საუბარი იყო წერილობით დაფიქსირებაზე მთავრობის მხრიდან მათი პოზიციის ამ რვა პუქნტთან დაკავშირებით. მთავრობამ დაადასტურა, რომ წერილობით წარმოადგენს მათ პოზიციას ამ რვა პუნქტთან დაკავშირებით. სავარაუდო თარიღი ამ შეხვედრის არის 13 მაისის კვირა და ახლა ამ შეხვედრის დაგეგმარება მიმდინარეობს.
ყველა მხარემ დაადასტურა დიალოგისთვის მზაობა, ზოგადად ბანკმაც, ჩვენც და ქალბატონმა მაიამაც. არის მზაობა დიალოგისთვის და შედგება მოლაპარაკება”- ამბობს ახვლედიანი.
სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის შეხვედრა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესი მაისამდე გადაიდო. ლევან ახვლედიანის თქმით, დღეს მთავარი არის ის, რომ პროცესი წინ მიდის და ეს შეხვედრა იგეგმება.
“ეს არის მთავარი”,- ამბობს ახვლედიანი.
კითხვაზე თუ განიხილეს რვა პუნქტიანი მოთხოვნების პაკეტი ახველდიანი პასუხობს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე რამდენიმე პუნქტის ზეპირი განხილვა შედგა.
“ზეპირი განხილვა რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით უკვე მოხდა, ამაზე დეტალურად ამჟამად ვერ ვისაუბრებ. განხილვა მოხდა სიტყვიერად, შეთანხმება მოხდა, რომ მთავრობა ბანკებს დაუბრუნდება ჩამოყალიბებული პოზიციით,”- ამბობს ახვლედიანი.
ანაკლიის კონსროციუმის დირექტორი 2019 წელს საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის მაღალ ტემპს დადებითად აფასებს. ლევან ახვლედიანის თქმით, ბაზარზე არსებული ტრენდი ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს შეუძლია, რომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს საერთაშორისო ტვირთბრუნვაში.
“ტვირთების ნაკადის ზრდის ძალიან დიდი და დადებითი ტრენდი შეიმჩნევა 2019 წელს, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე თუ რამდენად სწრაფად გვჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ ძალიან მალე ჩვენი არსებული ინფრასტრუქტურები უკვე ვეღარ გაუძლებს იმ ნაკადებს, რაც უკვე შეიმჩნევა ბაზარზე. ვფიქრობ რომ ეს გარემოება დადებით როლს ითამაშებს მთავრობასთან მოლაპარაკებაში. ბანკებიც დადებითად უყურებენ ამ ტენდენციას,”- ამბობს ახვლედიანი.
სახელმწიფოსა და დონორებს შორის ხელახალი მოლაპარაკებების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც დონორებმა პორტის პროექტისთვის სახსრების გამოყოფის შესახებ სახელმწიფოს 8-პუნქტიანი მოთხოვნათა პაკეტი წარუდგინეს. როგორც ცნობილია, მთავრობისთვის მერვე პუნქტი გახდა პრობლემური, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფოს სესხის დაფარვას ავალდებულებს.
თუმცა, სესხის მომსახურებასთან ერთად, ეს მუხლი ითვალისწინებს იმასაც, რომ ამ დროს სახელმწიფოს აქვს უფლება სრულად დაეუფლოს პორტის მთლიან აქტივებს, რომლის აქტივების ღირებულება მეორეს მხრივ, მრავალ ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს.
კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8–პუნქტიანი მოთხოვნა საქართველოს მთავრობას:
1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მერეო ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი. 2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი. სახლემწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან.
3. გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში. თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, რაც ინვესტორისთვის კონკრეტულ ზარალს გამოიწვევს, შესაბამისად საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული შეფერხების და გაჭიანურების შემთხვევაში პორტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა უნდა გახდეს მოქნილი. ამ მუხლის მიხედვით, ბანკების მიერ ამ სესხის გასხვისების შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს, ეს ინვესტორის ჩანაცვლებას გულისხმობს.
5. სახელმწიფოს "ოქროს აქციას" დაუწესდეს შეზღუდვები. სახელმწიფო პროექტში ფლობს ე.წ. "ოქროს აქციას", რომლითაც კომერციული გადაწყვეტილებების მიღებაზე მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ამ მუხლის მიხედვით, "ოქროს აქციის" უფლებების შეზღუდვა უნდა მოხდეს.
6. სახელმწიფომ უნდა გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში.
7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება. საინვესტიციო ხელშეკრულებით ვიწროა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. ინვესტორი ბანკების შეფასებით, ეს სია უნდა გაფართვოდეს, რათა ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან.
8. BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში $400 მილიონის სესხი სახელმწიფომ დაფაროს. კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.

























