"ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის და შესყიდვების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა საზმაუს ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლოს იქნება 6 თვის ანგარიში, სადაც აისახება ეკონომიის შედეგები.
„ჩვენ აქამდეც გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ შესყიდვების კუთხით ქვეყანაში ვითარება გაჯანსაღებულიყო, მაგალითად მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მეთვალყურეობს ამ ნაწილს უწყებებში. წლის ბოლოს გვექნება 6 თვის ანგარიში, საკმაოდ სერიოზული და შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს იმ ეკონომიებთან მიმართებაში, რომელიც შეიქმნა წინა წლებთან შედარებით შესყიდვების ფარგლებში. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი, რომელიც დაიზოგა უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით. ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება და საზოგადოებას ამას გავაცნობთ წლის ბოლოს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
bm.ge გამოითხოვს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მიმართულებებით რა რაოდენობის თანხა დაიზოგა.
შეგახსენებთ, მთავრობამ ეფექტიანობის დეპარტამენტი მიმდინარე წელს შექმნა, რომლის ხელმძღვანელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს. დეპარტამენტის უფროსად უფროსად გურამ დუმბაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურამ დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა.




























