პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 14 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, - ამის შესახებ საუბარია ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. დოკუმენტის თანახმად, ჯამში 364 პროექტი იქნა მხარდაჭერილი მიკრო და მცირე ბიზნესის, ინდუსტრიის, სასტუმროებისა და კინოინდუსტრიის სფეროებში.
ანგარიშში ცალკეა აღნიშნული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შედეგებიც. კერძოდ, სტარტაპ საქართველოს, თანადაფინანსების გრანტის, ბიზნესინკუბატორისა და მიკროგრანტის პროექტების ფარგლებში მთავრობის მტკიცებით 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი.
საკანონმდებლო ორგანოში შეტანილი ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 1,9%-ითაა შემცირებული და 12,1% შეადგენს, ხოლო დასაქმების დონე-1,4%-ითაა გაზრდილი.
,, დასაქმების ზრდა დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობის ზრდით არის გამოწვეული. ბოლო წლებში ფიქსირდება თვითდასაქმებულთა წილის შემცირების ტენდენცია. 2018 წლის II კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით.“-ამტკიცებს მთავრობა საკუთარ ანგარიშში.

























