მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის გეგმით, ანაკლიის პორტამდე 18 კმ-იანი გზა და რკინიგზა 2020 წლის ბოლოსთვის მივა

5c8161f97a2b7
თელარა გელანტია
07.03.19 22:23
767
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობა 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ამის შესახებ ქარსელაძემ bm.ge-ის ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის საჭსაპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებული სამჯერ ჩაშლილი ტენდერის კომენტირებისას განუცხადა.

გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტენდერები 2017 წლის დეკემბერში, 2018 წლის თებერვალში და შემდგომ უკვე 2018 წლის მაისში გამოცხადდა, მაგრამ სამივე ჩაიშალა.

„სამივე ტენდერის ჩაშლის ძირითადი მიზეზები შეიძლება შეჯამდეს როგორც ტექნიკური გამოცდილების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა კომპანიების მხრიდან, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, უფლებრივი დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არასაკმარისი ფორმით წარმოდგენა. შესაბამისად, მოხდა სიღრმისეული ანალიზი აღნიშნული გარემოებების და მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ გამარტივებულ შესყიდვაზე გამონაკლისი წესი მიგვეღო, რათა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოცდილებასა და წესებზე დაყრდნობით, ასევე, ბუნერივია, საქართველოს შესყიდვების კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეგვემუშავებინა წესი, რომლის ფარგლებშიც მოხდება შემოთავაზებების ორ ეტაპად განხილვა, რაც ითვალისწინებს პირველ ეტაპზე ტექნიკური შემოთავაზებების განხილვას, რაც გულისხმობს კომპანიის გამოცდილებას, პერსონალის გამოცდილებას, სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებას, რომელიც უკავშირდება პროექტის შინაარსიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიკაციის არსებობას და მეორე ეეტაპი, რომელიც უკვე ითვალისწინებს ფინანსურ შემოთავაზებას“, - განმარტა ქარსელაძემ.

მისი თქმით, გამარტივებულ შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და „წინადადებების გახსნა“ 14 მარტს მოხდება.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, შესაძლებელია, უკვე მარტის ბოლოს არსებობდეს გამარჯვებული, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. თვითონ საპროექტო მომსახურება ითვალისწინებს 18 კმ-იანი გზის და რკინიზგის მშენებლობას. თანმდევი კვლევებისა და საჭირო დოკუმენტაციის ჩათვლით, 7 თვე არის პერიოდი, რა ვადაშიც უნდა იქნეს წარმოდგენილი დეტალური პროექტი, რის საფუძველზეც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე და საორიენტაციოდ, 2020 წლის ბოლოსთვის აღნიშნული პროექტი იქნება დასრულებული“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებული და სამჯერ ჩაშლილ ტენდერთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს იყო „ტაქტიკური ამოცანა“ და როგორც კი კერძო კაპიტალი შეგროვდება და საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებაზე თანხმობა მოვა, სახელმწიფოც აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას შეასრულებს, თუმცა მოგვიანებით, სამინისტრომ დააზუსტა, რომ ტენდერის ჩაშლის მიზეზებზე საუბრისას მინისტრი „ტექნიკურ ამოცანას“ გულისხმობდა.

ქობულიას პირვანდელ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდა ირაკლი ქარსელაძესაც.

მისი თქმით, სავარაუდოდ, „ის, რაც მინისტრმა თქვა, განსხვავებული მნიშვნელობით იყო ნათქვამი ან განსხვავებული სიტყვებით, მაგრამ ყველაზე მინშვნელოვანია, რას უკავშირდებოდა რეალური ფაქტობრივი გარემოება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები