საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.
"ოცნების" გუნდის ყოფილი წევრი წერს, რომ ქუჩაში გამოსულთა უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ - სახელმწიფომ გაიგონოს მათი ხმა.
„მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს - ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი.
სიმართლე კი იმდენად ცხადია, საჭიროა უბრალოდ თვალი გაუსწორო და დაინახო, რომ ქუჩაში გამოსულთა უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ - სახელმწიფომ გაიგონოს მათი ხმა.
ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გარეშე ამ მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება, რადგან პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა.ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე“, - წერია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
„ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ტექსტი სრულად