ბიზნესმენი, ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობის პოზიციის მოწონება დღეს, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მთავრობასთან ასოცირდები. ამის შესახებ ის პოსტს Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს და მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს აკრიტიკებს.
საკუთარი პოზიციის გაზიარებისას ბიზნესმენი იმ კომპანიების წარმომადგენლებს აკრიტიკებს, რომლებმაც „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს. კახა ხაზარაძე ამბობს, რომ ზედმეტია გამჭვირვალობაზე საუბარი მაშინ, როდესაც ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. ბიზნესმენი იმასაც განმარტავს, რას დავკარგავთ მაშინ თუ დასავლელ პარტნიორებს აგენტებს ვუწოდებთ.
„წინასწარ გიხდით ბოდიშს, ამ ბოლო დროს ასე ხშირად რომ გაწუხებთ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ამაზე ვისაუბრო. ჩემი პირველი პოსტი 10 დღის წინ დავწერე, მეორე 3 დღის წინ სადაც ვთხოვე ბიზნესს, რომ სიჩუმე დაერღვიათ და თავისი პოზიცია გამოეხატათ მიმდინარე მოვლენებზე. და რა მოხდა? რამდენიმე ბიზნესმა შეფასებაში მთავრობის არსებულ კურსს დაუჭირა მხარი და აღნიშნეს, რომ ეკონომიკა ყვავის და ასევე ის „რუსული კანონი“, რომელსაც ეს მთავრობა ცდილობს რომ მიიღოს, გამჭვირვალობას მოემსახურება.
რა გამჭვირვალობაზე გველაპარაკებიან, როცა ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა, ინსტიტუციები ერთ კაცს აქვს მისაკუთრებული და რაც მთავარია, ამ განათლებულ ადამიანებს მჯერა, რომ კონსტიტუციის 78 მუხლი წაკითხული უნდა ჰქონდეთ.
და რა წერია საინტერესო ამ მუხლში? წერია ის, რომ მთელი ერი და ბერი თანხმდება, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი ევროპა და ნატოა. ხოლო ეს მთავრობა ცდილობს, რომ უგულვებელყოს ჩვენი არჩევანი და რუსეთის გუბერნია გაგვხადოს. ჩვენს პარტნიორებს ევროპას და ამერიკას ომის ძალად მოიხსენიებენ, ქვეყნებს რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი დახარჯული თანხების 80% იძლევიან. რა მოხდება როცა მათ აგენტებს დაუძახებ? დაფინანსებას ქვეყანას შეუწყვეტენ და ყველაფერი ხუხულასავით ჩამოგვეშლება.
ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესებზე, რომლებმაც ბიზნესის ანაბანა სწორედ ამ ქვეყნების დახმარებით ისწავლეს, დაფინანსებებიც მაგათგან წამოიღეს.
ამ ყველაფრის შემდეგ დღეს მთავრობის პოზიცია მოგწონდეს, შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მასთან ასოცირდები და ხარ მისი თანადამფინანსებელი, მათ შორის იმ დარბევებისაც, რომელსაც ისინი დღეს ჩვენი შვილების წინააღმდეგ ჩადიან“, - წერს კახა ხაზარძე.
ვრცელ პოსტში ბიზნესმენი, თამაზ დაუშვილის მიერ BMG-ის ეთერში გაჟღერებულ აზრს ეთანხმება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი ბიზნესმენები გაიხსენა, ვისაც „ცეხავიკებს“ უწოდებდნენ. კახა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ხმამაღლა შეფასებისას მხოლოდ თავისუფლების დაკარგვის შიში აქვს და არაფერი სხვის.
„ერთ-ერთი ბიზნესმენის ინტერვიუში, ბატონ დაუშვილზე ვსაუბრობ, სიტყვა „ცეხავიკობა“ ახსენა და დავეთანხმები, რომ „ცეხავიკი“ არის ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც სულიან-ხორციანად მთავრობასთან არის შეზრდილი.
ეს სიტყვა კომუნისტების პერიოდიდან მოდის და იმ დროს ადამიანებს ვინც ბიზნესს აკეთებდა, „ცეხავიკებს“ ეძახდნენ, იმიტომ რომ თუ მთავრობასთან არ იყავი შეკრული კომუნისტურ წყობაში, წარმოუდგენელი იყო რამის კეთება.
ახლა რაც შემეხება მე, ჩემი კომპანია 30 წლის ისტორიას მოიცავს და წარმატების ფორმულა იყო ის, რომ არცერთი მთავრობის ნაწილი არ ვყოფილვარ და ჩემი სუფთა ხელებით შევქმენი ყველაფერი, ამიტომაც ვარ ამაყი და თავისუფალი.
ცხოვრებაში არავის ვალი არასდროს მქონია, გარდა ჩემი ოჯახისა და სამშობლოსი, რატომ მათი?! ოჯახმა სწორად გამზარდა და სამშობლომ მომცა საშუალება, წარმატებული ვყოფილიყავი. ვალებს დაბრუნება სჭირდება. ამბობენ, ოჯახის ვალს ვერასდროს ვერ გადაიხდიო. რაც შეეხება სამშობლოს ვალს - ეს ჩვენი ვალია მომავალი თაობის წინაშე, რომ დავუტოვოთ თავისუფალი, წარმატებული და პერსპექტიული ქვეყანა, რომლისთვისაც დღეს თვითონ უწევთ ბრძოლა.
და ბოლოს, სულ მეკითხებიან - არ გეშინია ამაზე ხმამაღლა რომ საუბრობო? რა თქმა უნდა, მეშინია, მაგრამ არა ხმამაღლა საუბრის, არამედ მეშინია თავისუფლების დაკარგვის. ამიტომ ვიბრძოლებ ბოლომდე მის შესანარჩუნებლად“, - წერს ICR ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე.
დღეს, კახა ხაზარაძის BMG TV-ის გადაცემა #რედაქტ2-ის სტუმარი იქნება, რა დროსაც ის "რუსულ კანონის" ინიციირებას, ბიზნესის გამოხმაურებებს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეაფასებს.