მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის პროგნოზით, საგარეო ვაჭრობაში არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება - ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე

საქართველოს საგარეო ვაჭრობის I კვარტალის შეფასებისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მთავრობის პროგნოზს ეყრდნობა და აცხადებს, რომ ვაჭრობის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება. ვახტანგ ცინცაძის შეფასებას ეკონომიკის სამინისტრო პრესრელიზის სახით ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 23.4%-ით), ხოლო იმპორტი 4.1 მილიარდ დოლარს, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 7.1%-ით ჩამორჩება. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ია.

„საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, რაც განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მკვეთრ ზრდაში აისახა. მსგავსი ტენდენციები შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი განმარტებით, მარტში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, წლიურად დაახლოებით 83%-ით გაიზარდა და 463 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე რეკორდულია იანვარ–მარტის ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, კერძოდ იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 75%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 1 მლრდ 120 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიღწეული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას.

„საგარეო ვაჭრობის მიმდინარე შედეგების მიხედვით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს გააჩნია სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ეხმარება კერძო სექტორს, რომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში“, - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები