მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობის შემცირებით დაზოგილი თანხები ეკონომიკაში უნდა დარჩეს"

5b322f3a0cf98
მაია ბიწაძე
26.06.18 16:18
650
"თუ ხელისუფლება მიაღწევს იმ მიზნებს, რაც მცირე მთავრობის პროექტის განხორციელებით დაისახა, ვფიქრობ ძალიან დადებითი ეფექტი ექნება ამას“ - ეს განცხადება EY Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, რუსლან ხოროშვილმა "საქმის კურსის" ეთერში გააკეთაა. მისივე განმარტებით, ის თანხები, რაც მთავრობის შეკვეცის შედეგად იქნება დაზოგილი, არ უნდა მოხმარდეს სხვა სამთავრობო პროექტებს, არამედ უნდა მოხდეს ამ თანხის ეკონომიკაში ჩატოვება.

"მცირე მთავრობის მიმართულება არ არის ახალი, მთელი მსოფლიო ცდილობს ამ მიმართულებით წავიდეს და წამყვანი ქვეყნები, ვინც ეკონომიკის განვითარებაზე არიან ორიენტირებული, ამას ახერხებენ. ამიტომ ეს ნაბიჯები არის მისასალმებელი, თუმცა მცირე მთავრობა არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმებულთა მცირე რაოდენობას, ან სამინისტროების რაოდენობას, ეს ტერმინი გულისხმობს ეკონომიკურ პროცესებში მთავრობის რაც შეიძლება მცირე ჩართულობას.
შესაბამისად, ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაზოგილი თანხები კი არ იყოს გამოყენებული სხვა სახელმწიფო პროექტებისათვის, არამედ ეს თანხები არ უნდა იქნეს ამოღებული ეკონომიკიდან და უნდა მოხდეს გადასახადების შესაბამისი შემცირება" - განაცხადა რუსლან ხოროშვილმა.

მისივე თქმით, მცირე მთავრობის პროექტის შესრულება მთელს მსოფლიოში უჭირთ მთავრობებს, რადგან ეს ნიშნავს მათი ხარჯებისა და ზეგავლენის შემცირებას და საქართველოშიც ეს ძალიან რთული შესასრულებელი იქნება.

"საქართველოში 300 ათასი ადამიანია დასაქმებული სახელმწიფო სექტორში, ამიტომ ამ პროექტის განხორციელება სოციალურ პრობლემებსაც წამოწევს წინ. რეფორმები უნდა იყოს კომპლექსური, ხალხის შემცირებას უნდა ახლდეს თან ფუნქციების შემცირებაც, უნდა გადაიხედოს რას აკეთებს სახელმწიფო დღეს, რაში ერევა და რამდენად საჭიროა მისი ჩართულობა ამა თუ იმ საკითხში და ხომ არ ჯობს, ბაზარმა თვითონ დაარეგულიროს მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ეს საკითხები, მაგალითად კულტურის, სპორტის სფეროში და ა.შ." - განაცხადა რუსლან ხოროშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები