მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის წარმომადგენლები რესტორატორებს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს?

602a98bb46fb9
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.21 19:58
859
დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შრომის ინსპექციის უფროსი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე რესტორატორებს შეხვდნენ. როგორც BM.GE-ისთან საუბრისას რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და დარგის ეტაპობრივი ამოქმედების საკითხებთან ერთად ის რეგულაციები განიხილეს, რომლის დაკმაყოფილება რესტორნებს გახსნის პირობებში მოუწევთ.

რესტორატორების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ და კონკრეტული შედეგები ოთხშაბათს ეკონომიკის მინისტრის და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება.

"იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ყველაფერი ერთნაირად გაიხსნება და რეგულაციები ერთად მოიხსნება, ვისაუბრეთ სფეროს ეტაპობრივ გახსნაზე, იქნება ეს კომენდანტის საათის გადაწევა თუ შაბათ-კვირას გახსნა, თუ შიდა სივრცეების ერთიანად გახსნა. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად შესაძლებელია დღემდე არსებული რეგულაციების პირობებში ოპერირება და რამდენად უნდა გამკაცრდეს ისინი იმისთვის, რომ მობილობა იყოს თავიდან აცილებული. ასევე, ვისაუბრეთ უახლოეს პერიოდში გახსნის თარიღზე. 17 თებერვალს, ოთხშაბათს ველოდებით მინისტრთან გაფართოებულ შეხვედრას, სადაც უფრო მკაიფიოდ გამოიკვეთება ის გადაწყვეტილებები, რომელიც შემდეგ საკოორდინაციო საბჭოზე იქნება წარდგენილი“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

BM.GE-ის კითხვაზე არსებული შეზღუდვებიდან რომლის მოხსნა უფრო პრიორიტეტულია სექტორისთვის, რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შიდა სივრცეების გახსნა რესტორნებისთვის გადამწყვეტია.

„ჩვენ უნდა დავანახოთ მთავრობას, რომ შიდა სივრცეების გახსნით, რეალურად, პრობლემა არ დგას სფეროში. რაც შეეხება კომენდანტის საათის და შაბათ-კვირის შეზღუდვებს, ეს მხოლოდ ჩვენი სფეროს პრობლემა არ არის. მიგვაჩნია, რომ კომენდანტის საათმა მინიმუმ 2 საათით უნდა გადაიწიოს. შაბათ-კვირა თუ გაიხსნება, ეს შეზღუდვა სხვა სფეროებისთვის მოიხსნება“, - განმარტა რესტორატორმა.

მისი თქმით, დღეისთვის რესტორნებს ღია სივრცის ამოქმედების პირობებში თანამშრომლების გატესტვის არანაირი ვალდებულება არ აქვთ და რესტორნების მიერ თანამშრომლების გატესტვაზე საუბარი ახლა მიდის და იმაზეც მსჯელობენ, რომ პირველ ეტაპზე ამ ხარჯს სახელმწიფო აიღებს.

შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ რესტორნების აქტივობა, რომლებმაც დღეს გარე სივრცეები გახსნეს, მინიმალურია.

„ეს არ არის დატვირთვის შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა ამოისუნთქოს, ეს არის გადადგმული პირველი ნაბიჯი და ჩვენ ველით შემდეგ ნაბიჯებს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები