მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობისგან შემხვედრ ნაბიჯებს ველით... თუ დღგ შემცირდება, პროდუქცია გაიაფდება - "კუმისი"

კვერცხი

კვერცხის მწარმოებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ თუკი დარგისთვის დამატებული ღირებულების გადასახადი შემცირდება, ეს პროდუქციის ფასს შეამცირებს.

როგორც BMG-ის „კუმისის“ თანადამფუძნებელმა და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განუცხადა, პარლამენტში შექმნილი ფასების კომისიის სხდომის ფარგლებში კვერცხის მწარმოებლებმა ორი მთავარი საკითხი დააყენეს - დღგ-ს მოხსნა ან შემცირება და რითეილ სექტორის მხრიდან დაწესებული “ქეშბექების” შემცირება.

მისი თქმით, თუკი კვერცხის მწარმოებლებისთვის გადასახადების წნეხი შემცირდება, ეს პროდუქციის მისაწოდებელ ფასზე დადებითად აისახება. თუმცა ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმითვე, პროდუქციის საბოლოო ფასს სავაჭრო ქსელები განსაზღვრავენ.

“ველოდებით მთავრობისგან შემხვედრ ნაბიჯებს. ხშირად ისმის კითხვა - საქართველოში კვერცხი რატომ არის ძვირი? მე საპასუხო კითხვას ვსვამ - რატომ უნდა იყოს იაფი? გადასახადი გვაქვს სხვაზე ნაკლები? ხორბალს, სოიოს თუ ზეთოვან კულტურებს ვაწარმოებთ სხვაზე უკეთესად თუ იაფად? რეალურად, ფასს განსაზღვრავს თვითღირებულება. ჩვენ 90%-ით იმპორტზე ვართ დამოკიდებული.

თუ დამატებული ღირებულების გადასახადი მოიხსნება ან შემცირდება, დღეს არის 18%, პირობითად რომ გახდეს 5%, მე გაძლევთ პირობას, რომ შესაბამისად გაიაფდება პროდუქცია წარმოებაში. მერე რითეილი რას იზამს, ეგ უკვე მათი ასახსნელია.

ქეშბექების თემაც რთულია. “ქეშბექს” ჩვენ ვიხდით, ჩვენგან გადის. თუ “ქეშბექს” მოგვიხსნიან, ჩვენ მწარმოებლები, შესატან ფასს შევამცირებთ ობიექტზე. მაგრამ საცალო ქსელი ამას როგორ გამოიყენებს და რა მოგებას დაამატებს, ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ საფრანგეთი, გერმანია თუ ჩეხეთი - არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის 18%-იანი დღგ საკვებ პროდუქტზე. საფრანგეთში კვერცხი ღირს 42 ევროცენტი, გერმანიაში - 55, შვეიცარიაში კი 1 ევროზე მეტი. იქ 5-7%-იანი დღგ აქვთ. ჩვენთან ეს 18% არის სუფთა არაპირდაპირი გადასახადი, რაც პირდაპირ აძვირებს პროდუქტს მომხმარებლისთვის”, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები