სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2026 წლის ივლისში მთავრობისთვის მისაწოდებელი საწვავის განახლებული ფასები, რომლის მიხედვითაც წინა თვესთან შედარებით ფასები საშუალოდ 12-13%-ით არის შემცირებული.
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს "სოკარისგან" ყიდულობს, პრემიუმს "რომპეტროლისგან", სუპერს და დიზელს "ვისოლისგან", ევროდიზელს კი "გალფისგან".
- სუპერი: ახალი ფასი – 3.17 ლარი (ფასი ივნისში – 3.62 ლარი); კლება – 0.45 თეთრი; კლება პროცენტულად – 12.43%
- პრემიუმი: ახალი ფასი – 2.87 ლარი (ფასი ივნისში – 3.31 ლარი); კლება – 0.44 თეთრი; კლება პროცენტულად – 13.29%
- ევრორეგულარი: ახალი ფასი – 2.85 ლარი (ფასი ივნისში – 3.28 ლარი); კლება – 0.43 თეთრი; კლება პროცენტულად – 13.11%
- ევროდიზელი: ახალი ფასი – 3.20 ლარი (ფასი ივნისში – 3.69 ლარი); კლება – 0.49 თეთრი; კლება პროცენტულად – 13.28%
საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებისგან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.
კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.
ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.
ივნისში Platts-ის ფასი 948 დოლარამდე შემცირდა (მაისის ფასი 1127 დოლარი იყო), რამაც კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი საწვავის ფასის გაიაფება განაპირობა.
რაც შეეხება ფასებს საცალო ბაზარზე, აქ რეგულარის ფასი ლიტრზე 3.53-3.65 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის ღირებულება 3.68-3.78 ლარის ფარგლებშია, ხოლო სუპერის ფასი კი 4.13-4.22 ლარის ფარგლებში მერყეობს.




























