დეველოპერი ბეჟან წაქაძე მთაწმინდა-სოლოლაკში განაშენიანებისთვის საგადასახადო შეღავათებს ითხოვს. „საქმის კურსს“ კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა განუცხადა, რომ იგი ძირითადად ცენტრალურ უბნებში ოპერირებით არის დაინტერესებული, თუმცა თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა განაშენიანების ინტენსივობაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს, დაბალსართულიანი სახლების მშენებლობა კი მისთვის ფინანსურად წამგებიანია.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წაქაძე თბილისის მერიას და მთავრობას სთავაზობს, რომ მთაწმინდა-სოლოლაკის ტერიტორიაზე ავარიული სახლების დანგრევის და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრინციპების დაცვით ხელახალი განაშენიანების შემთხვევაში, დეველოპერებმა საგადასახადო შეღავათები მიიღონ.
„ძალიან ბევრი ავარიული სახლია და მერია რეაბილიტაციასა და გამაგრებაზე ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს, რაც ხშირ შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობით შემოიფარგლება. ახლანდელი შეზღუდვები კი ვერ აძლევს კომპანიებს იმის საშუალებას, რომ შევიდნენ და იმ პროექტით, რასაც მერია შესთავაზებს, იერსახეც შეუნაერჩუნოს და ფინანსურად არ დაზარალდეს. მსგავს კომპანიებს პრივილეგია უნდა მივცეთ საგადასახადო კუთხით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დანახარჯები, რომელსაც დღეს მერია რეაბილტაციაზე ახორციელებს, კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა წაქაძემ და საგადასახადო შეღავათების ერთ-ერთ მაგალითად, დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება დაასახელა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მოგებას მიიღებს, რადგან ის თანხები, რომელიც ყოველწლიურად ავარიული სახლების რეაბილიტაციაზე იხარჯება, თანდათან შემცირდება.
ხელშეწყობის შემთხვევაში, წაქაძე ირწმუნება, რომ დეველოპერები შეძლებენ ავარიული სახლების დანგრევას და ახლის აშენებას, ადგილობრივ მაცხოვრებლებს კი თბილისის სხვა რაიონებში, მაგალითად დიდუბეში, იმაზე დიდ საცხოვრებელ ფართს შესთავაზებენ, ვიდრე ავარიულ შენობაში ჰქონდათ.
„მაგალითად, როცა ვახორციელებდით ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩებზე პროექტს, აქ ბარაკული ტიპის სახლები იყო. ახალ სახლებში ადგილობრივების ნაცვლად ახალი მოსახლეობა შემოვიდა და ძველი მოსახლეობა დიდუბის რაიონში გადავიდა, სადაც მათ მიიღეს დაახლოებით 40%-ით მეტი ფართი, ვიდრე მთაწმიდაზე მიიღებდნენ“, - განმარტა წაქაძემ.

























