მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთაწმინდაზე ღვინის ფესტივალზე 2017 წლის მოსავალი გამოიფინება

5af45e06199bd
მაია ბიწაძე
10.05.18 18:57
549
ღვინის ფესტივალზე, რომელიც 12 მაისს მთაწმინდის პარკში ჩატარდება, სტუმრებს ტრადიციულად ახალი, ამ შემთხვევაში 2017 წლის მოსავლის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ BM.ge-ს ფესტივალის ორგანიზატორმა იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა.

"ახალი ღვინის ფესტივალი ტრადიციულად მეცხრედ ტარდება და უკვე დიდი მასშტაბები აქვს. 131 ოჯახური მარანი და დაახლოებით 100 კომპანია იღებს მონაწილეობას ღონისძიებაში. ამ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ახალი, 2017 წლის საუკეთესო ღვინოები.

ბევრ უცხოელ სტუმარს ველოდებით, ფესტივალი ტრადიციულად ყოველს წელს მაისის მეორე შაბათს ტარდება და ეს წინასწარ იციან დაინტერესებულმა პირებმა და უცხოელმა ღვინის პროფესიონალებმა, თუ მოყვარულებმა, ღვინის მწერლებმა, სომელიეებმა, იმპორტიორებმა, ასევე ტურისტებმა, რომლებიც მრავლად არიან ხოლმე. შესაბამისად, რადგან ეს თარიღი სტაბილურია და არასდროს იცვლება, მათ შეუძლიათ აქ ვიზიტი წინასწარ თავისუფლად დაგეგმონ “ - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.

ფესტივალი ერთდღიანია და ის მთაწმინდაზე ,,საქართველოს ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, 12 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება. ახალი ღვინის ფესტივალი 2018 ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით დაიწყება. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები