“მთის კურორტების განვითარების კომპანიას” 312 ათასი ლარის ჯარიმა აპატიეს,- შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
საუბარია, ჯარიმაზე, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიას ეკონომიკის სამინისტროში შემავალმა სსიპ-მა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ დააკისრა.
“მთის კურორტების კომპანია” პირველად 2018 წლის 21 თებერვალს დაჯარიმდა, შემდეგ კი მისი გადაუხდელობის გამო ჯარიმა გაიზარდა 23 ივლისისა და 13 ნოემბრის დადგენილების შედეგად.
როგორც bm.ge-ის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, გუდაურში სპეც-ტექნიკის ფარეხის მშენებლობის დროს დააჯარიმეს.
“ფარეხის მშენებლობა დაიწყო შესაბამისი სპეც-ტექნიკის ჯეროვანი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის მიზნით დამდგარი გარდაუვალი აუცილებლობისას. მშენებლობის პროცესში დროის სიმცირისა და მშენებლობის შეზღუდული ვადის გამო, პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე დროულად ვერ მოხერხდა შესაბამისი სამშენებლო ნებართვის აღება, ვინაიდან აღნიშნული მშენებლობა გახლავთ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი, ამდენად თხოვნით მივმართეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეშუამდგომლა საქართველოს მთავრობასთან წარმოშობილი უხერხულობის გამო კომპანიისათვის დაკისრებული სანქციის პატიების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულება სანქციის პატიების შესახებ”,- აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

























