მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში საკადრო ცვლილებებია - სად მიდის ონოფრიშვილი

5be15786cc7c4
თელარა გელანტია
05.11.18 22:13
2468

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

Bm.ge-ის ცნობით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას გადაწყვეტილებით, სანდრო ონოფრიშვილი მთის კურორტების განვითარების კომპანიას არ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურშიც დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის პოსტს დაიკავებს თამაზ გამცემლიძე, რომელიც აქამდე ამავე კომპანიაში ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა; თავად სანდრო ონოფრიშვილი კი, მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადავა.

Bm.ge კომენტარისთვის სანდრო ონოფრიშვილსაც დაუკავშირდა.

ის ამბობს, რომ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა და საქმიანობას სამთო საკითხებში მინისტრ გიორგი ქობულიას მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს.

სანდრო ონოფრიშვილს მთის კურორტების განვითარების დირექტორის პოსტი 2013 წლიდან ეკავა.

ცნობისთვის: ზამთრის საკურორტო სეზონი წელს 8 დეკემბერს ბაკურიანში და გოდერძიზე გაიხსნება. 15 დეკემბერს - გუდაურში, 22 დეკემბერს კი - მესტიასა და კოხტა-მიტარბიზე.

ამის შესახებ სანდრო ონოფრიშვილმა რამდენიმე კვირის წინ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, წელს სეზონის გახსნას განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება გუდაური, სადაც 20 დეკემბრამდე 6 ახალი საბაგირო დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც გამტარუნარიანობას 3.5-ჯრ გაზრდის. გარდა ამისა 20%-ით იზრდება სასრიალო არეალი.

„ახალი საბაგიროები დეკემბრის დასაწყისში სატესტო რეჟიმში გადავა. სრულ მზადყოფნაში კი ნაწილი 15 დეკემბრისთვის და ნაწილი - 20-თვის იქნება. კობი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს და მისი სიგრზე 7.5მ-ია. ასევე წყლის ხელოვნური რეზერვუარები, რომელსაც გაერთიანებული წყლის კომპანია აფინანსებს. ასევე გუდაურთან მიმართებით აღსანიშნავია ახალი სათხილამურო არეალიც, რომელიც 20%-ით ზრდის გუდაურში სასრიალო ტრასებს. წლევანდელი სეზონის განმავლობაში ასევე გვექნება შესაძლებლობა გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზის შედეგიც ვნახოთ. წელსვე, მთლიანად იცვლება ელექტროსისტემა მთელს მთაზე. ყველა იმ ობიექტთან რომელიც არსებობს რაც ერთი-ორად გააუმჯობესებს ხარისხს. თვითონ საბაგიროების გამტარუნარიანობა 3.5-ჯერ იზრდება, რაც რიგის პრობლემას მოხსნის. შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურორტი ახალ ხარისხში გადადის და ის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზულად თუ ამინდმა ამის შესაძლებლობა მოგვცა 15 დეკემბერს გაიხსნება“, - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ონოფრიშვილის ინფორმაციით, ყველა საბაგირო შემოწმებულია და არანაირი ტიპის ხარვეზი არ არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს უცხოელი ექსპერტების მიერ საბაგიროს 170 თანამშრომელი გადამზადდა.

გუდაურში წელს ბოლო 5-წლიანი რეკორდის გაუმჯობესებას ელოდებიან და აცხადებენ, რომ კურორტი ტურისტებს თვისობრივად გაუმჯობესებულ ხარისხს შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები