მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტების კომპანია საბაგიროების ფასებს აქვეყნებს, სეზონის გახსნაზე ჯერ ვერ საუბრობენ

5faa8b627c27f
ვიქტორია მღებრიშვილი
10.11.20 16:40
1188
მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დღეს 2020-2021 წლის ზამთრის სეზონზე საბაგიროებზე მოქმედი ფასები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სხვადასხვა საბაგიროებით სარგებლობის ღირებულება წელს არ იცვლება და გასული სეზონის ანალოგიური რჩება.

„2020-2021 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების ფასები უკვე ცნობილია! ფასები მოცემულია ლარში (მოიცავს 18% დღგ-ს)“, - წერია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

BM.GE-ც დაინტერესდა, რატომ არ გაითვალისწინეს პანდემიით გამოწვეული რეალობა და ეკონომიკური მდგომარეობა და რატომ არ გადახედეს საბაგიროებით მომსახურების ღირებულებას, რაზეც კომპანიაში გვიპასუხეს, რომ "2020-2021 წლის სათხილამურო სეზონზე აბონემენტების ფასი არ იზრდება". 

“ზოგადად, კურორტის ოპერირება ძალიან ძვირი ჯდება, ელექტროენერგიის გადასახადი, მომსახურე პერსონალი, ტექნიკური საშუალებების საერთაშორისო ბაზარზე შეძენა, რომელიც პირდაპირპროპორციულია კურსთა შორის ცვალებადობასთან. ასევე,  საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება, რომელიც უამრავ ხარჯთან არის დაკავშირებული“, - ასე განმარტავენ 2020-2021 წლის სათხილამურო სეზონზე საბაგიროებით სარგებლობის დადგენილ ფასებს მთის კურორტების მართვის კომპანიაში.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ზამთრის სეზონზე სამთო კურორტებს ადგილობრივებთან ერთად უცხოელი დამსვენებელიც ეყოლება.

„დღევანდელი მოცემულობით, როგორც იცით საქართველო ვიზიტორებს ხუთი ქვეყნიდან ნეგატიური პისიარ ტესტის საფუძველზე იღებს, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები და ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში "იმუშავე საქართველოდან" ჩართული ადამიანები მიმდინარე სეზონზე ჩვენს კურორტებს ესტუმრებიან“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, 2020-2021 წლის სათხილამურო სეზონის გახსნის თარიღი ჯერ უცნობია და წელს ეს დამოკიდებული იქნება როგორც ამინდზე - თოვლზე, ასევე, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, თუმცა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ტურისტული კომპანიები წერენ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი 13 დეკემბერს იხსნება. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები