მთიული და ხევსური მეცხვარეები გაერთიანებას და გუდის ყველის ერთობლივად წარმოებას გეგმავენ. ამის შესახებ BM.ge-ს ფერმერმა უტა წიკლაურმა აცნობა. უტა წიკლაურმა ცხვრის ფერმა მამა-პაპის სოფელში თიანეთის რაიონში, დაბა ერწოში მოაშენა, რის გამოც თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადავიდა.
მოგვიანებით, რამდენიმე მთიულ და ხევსურ მეცხვარესთან გაერთიანდა და ცხვარი ზაფხულის საძოვარზე ჯერ ხევსურეთში გარეკა, ზამთარში კი იაღლუჯას საძოვარზე (ქ.რუსთავთან ახლოს) დაბანაკდა.
"ამჟამად ფარაში 1300 სული ცხვარი გვყავს, მაგრამ ნოემბრიდან ფარაში დოლი გვაქვს, რაც მარტამდე გაგრძელდება და სამ თვეში ცხვრის სულადობა 2200-მდე გაგვეზრდება. ზაფხულში ცხვარს კვლავ ხევსურეთში ავიყვანთ, სადაც კიდევ რამდენიმე გამოცდილი მეცხვარე შემოგვიერთება და გუდის ყველის წარმოებას დავიწყებთ. თვეში საშუალოდ 1 ტონა ყველს დავამზადებთ, რომელსაც თბილისში ბაზარში და სუპერმარკეტებში გავყიდით. კილოგრამის ფასი 15 ლარიდან დაიწყება, იმის შესაბამისად თუ, ბაზარზე რა მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა უტა წიკლაურმა.
ფერმერები სამომავლოდ ყველის შეფუთვას და ბრენდირებასაც გეგმავენ, თუმცა ამაში მთავრობის ჩართულობა სჭირდებათ.
"გვეუბნებოდნენ გაერთიანდითო, რომ ორი ათასი სული ცხვარი მაინც გყავდეთო და შემდეგ ჩვენც რაღაცას დაგიფინანსებთო. ჯერ-ჯერობით გაჩერებული არიან და აღარაფერს ამბობენ... აპარატით ქართული ცხვარი ჯერ არ მოწველილა, ჯერ უნდა გაიტესტოს, რადგან ჩვენი ცხვრის ცური უკრაინული, პოლონური, თურქული , თუ სხვა ჯიშის ცხვრებისგან განსხვავებით მცირე ზომისაა და შესაძლოა აპარატურა ჩამოვიტანოთ და არ გაამართლოს... ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ სატესტოდ ჩამოიტანოს ეს აპარატურა და თითეული ჩვენთაგანი, ვინც დაინტერესებული ვართ, გავივლით პრაქტიკულ სწავლებას, თუ გაამართლებს, შემდეგ ჩამოვყალიბდებით ვის გვინდა, როგორ გვინდა.... ჩვენ ყველას გვინდა წარმოების განვითარება, რადგან წლიდან წლამდე მხოლოდ ბატკანს შევყურებთ, რომ გავყიდოთ და შემოსავალი მივიღოთ, ამ დროს შესაძლებელია, რომ ვაწარმოოთ ყველი და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მატყლის ამბავიც, რადგან მატყლს ფაქტიურად ვყრით. სადღაც 1,20 ლარი გვიჯდება კილოგრამი მატყლის მიღება და წარმოიდგინეთ, დღევანდელი ფასი, მატყლის, არის 25 თეთრი... სახლემწიფომ უნდა იფიქროს ამ თემაზე, რომ გამოინახოს გზები მატყლის გადამუშავების და რეალიზაციისა... ეხლა ცხვრის ყველის წარმოება მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან ვინც ამაში გამოცდილი ხალხი იყო, აღარ შეუძლიათ, ზოგი დაბერდა, ზოგიც გარდაიცვალა, ახალგაზრდა მე ჩემს მეტი არავინ მინახავს, ვინც უშუალოდ მეცხვარეობით არის დაინტერესებული და თვითონ დაიწყო ნულიდან ამ საქმის წარმოება... ეს ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ საერთოდ დაიკარგება ეს დარგი და საჭიროა მთავრობის დროული ჩართულობა..." - განუცხადა BM.ge-ს უტა წიკლაურმა.
ფოტო: intermedia

























