მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში ადგილზე განისაზღვრა წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლების, ასევე მძიმე ლითონების შემცველობა დამატებით ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლის.
სააგენტოს ინფორმაციით, აღებული სინჯები ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალი სიზუსტის ანალიტიკური ხელსაწყოებით არის აღჭურვილი. კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს. ჩატარებული კვლევების შედეგები სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია.
მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით 1999 წელს დაწესდა. დღე მიზნად ისახავს მდინარის ეკოსისტემის დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენასა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას.
მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, სომხეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის აუზის საერთო ფართობი 188 ათასი კვადრატული კილომეტრია, ხოლო მისი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს.




























