მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი პროექტების გავლენა ექსპერტებმა შეაფასეს და შესაბამისი კვლევა მოამზადეს. კვლევის ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი 16 პრობლემური პროექტი. პროექტების ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად არის შეთანხმებული, ნაწილი კი არა, თუმცა მათი რეალიზების საფრთხე მაღალია. პროექტებს შორის არის: მრავალფუნქციური კომპლექსი საცურაო აუზ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსი საქანელას ქუჩის არეალში, მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილი რესტორან არაგვის არეალში და ქიაჩელის ქუჩასა და მის ძირში, სანაპიროს გასწვრივ მოაზრებული პროექტები.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი და არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ K2 კოეფიციენტის გაყიდვა წლებს წინ აიკრძალა, ბიზნესი სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებს დადგენილი კოეფიციენტების ზრდას. მისი თქმით, ერთ-ერთი გზა ზონირების ცვლილებაა, რომელიც დამკვეთს საშუალებას აძლევს ისეთი დაშვებული კოეფიციენტი გაზარდოს.
“ჩვენს შემთხვევაში საკმაოდ პრობლემური იყო რამდენიმე პროექტთან მიმართებით პარამეტრის გადამეტება. ოღონდ ეს ფორმალურად ისე იყო გაფორმებული, რომ ეს პარამეტრის გადამეტება მოხდა იქამდე, სანამ მისი გაყიდვა აიკრძალებოდა. გადამეტებაზე შეიძლება რამდენიმე თვის წინ მიიღეს თანხმობა, თუმცა პროცედურულად ეს პროცესი უფრო ადრე იყო დაწყებული და ასე იყო შეფუთული ეს.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის რომ, როდესაც სარეკრეაციო ზონა 2 იცვლება მაღალი ინტენსივობით, ასეთი მაგალითია ლაგუნას მიმდებარე პროექტი, ხდება ნაკვეთების გაერთიანება ეს კი იძლევა იმის საშუალებას, რომ პროექტი განვითარდეს მაქსიმალური ინტენსივობით. ამ შემთხვევაში პარამეტრის მომატების საჭიროება აღარ დგება დღის წესრიგში”, - ამბობს არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი.
ამასთან, კვლევის ერთ-ერთი ავტორი იმასაც ამბობს, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაანონსებული პროექტები ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზები ფიქსირდება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ნაწილშიც. ზაზანაშვილის თქმით, ხშირად ხდება დადგენილი ზონების ცვლილება, უფრო კონკრეტულად შეფასებული პროექტების შემთხვევაში რეკრეაციული ზონის სტატუსის ისეთი ზონით ცვლილება ხდება, სადაც მაღალი ინტენსივობის განაშენიანება არის დაშვებული.