ქართული ავეჯის კომპანია „ლაზიერის“ დამფუძნებელი ავთო ჯანგავაძის თქმით, მთლიან გაყიდვებში ადგილობრივი ავეჯის წილი ბოლო 12 წლის განმავლობაში კი გაორმაგებულია და 30%-ს შეადგენს. როგორც ჯანგავაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადგილობრივი წარმოების ხარისხი. რაც შეეხება ფასებს, მისივე თქმით, იმპორტირებულთან შედარებით, ადგილობრივი პროდუქცია 50-60%-ით იაფია.
„ჩვენი კომპანია 11 წლის წინ დაარსდა, რომლის მიზანია იმპორტირებული ავეჯის ევროპული სტანდარტით შექმნილი ქართული ავეჯით ჩანაცვლება. დამოკიდებულება დადებითი ტენდენციებისკენ მიდის, თუმცა კვლავ ვაპირებთ სხვადასხვა საწარმოო რესურსების შევსებას, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ სურვილების დაკმაყოფილება. მონაცემებს რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ 2011-2012 წლის შემდეგ გაყიდული ქართული ავეჯის წილი გაორმაგდა და ბოლო კვლევებით 30%-ს გადაცდა. ვფიქრობ, ბევრი კომპანია უნდა გაჩნდეს, რომელიც ამ წილის ზრდას ხელს შეუწყობს. 3000-ზე მეტი პროექტი გვაქვს შესრულებული და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოთხოვნა მზარდია და იმედია კიდევ გაიზრდება.
მსოფლიოს წამყვანი ბრენდების დანადგარები გვაქვს, ასეთივე ნედლეულს ვიყენებთ, რაც შეეხება მუშახელს, აქ ზოგადად ქვეყანაშია რთულად საქმე, ხვალვე რომ მქონდეს შესაძლებლობა, 20%-ით გავზრდიდით თანამშრომლების რაოდენობას, თუმცა სამწუხაროდ ამის რესურსი არ არსებობს. ჩვენს შიდა გადამზადებას რაც შეეხება, 11 წლის განმავლობაში ეს პროცესი არ გაგვიჩერებია. ყოველ წელს უცხოური ბრენდის ან ნედლეულის წარმომადგენელი ჩამოგვყავს, ტექნიკურ ტრენინგებს ატარებენ, მათი დაარქივება ხდება და შემდეგ ახალი თანამშრომლებისთვის გადაცემა.
ფასის ნაწილში, შეუძლებელია ერთი და იგივე ღირებულების პროდუქცია ადგილობრივი წარმოებით კონკურენტუნარიანი არ იყოს, გადასახადების ჯამით იქნება ეს თუ ტრანსპორტირებით, დროით. დაახლოებით 50-60%-ით ნაკლები ჯდება საქართველოში წარმოებული იგივე ხარისხის ავეჯი, რაც უცხოეთიდან იმპორტირებული", - განაცხადა ჯანგავაძემ.
მისივე თქმით, ფასების ზრდა დამოკიდებულია ნედლეულის ფასზე, ასევე მასზე გავლენას შრომის ღირებულებაც ახდენს, რომელიც მუდმივად იზრდება და კიდევ უნდა გაიზარდოს. "კოვიდის პერიოდის შემდეგ, ზრდა მცირედით ხდება და მომხმარებლისთვის საგრძნობი ნაკლებად არის", - აღნიშნა მან.
ინფორმაციისთვის, „ლაზიერი“ 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის.
იული კლიენტებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING-ის ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით. საწარმო განლაგებულია 3,500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს.