კონკურენციის სააგენტო ერთ-ერთი სარჩელის საფუძველზე, სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანოების მიერ, ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებულ შესყიდვებს სწავლობს, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძემ განუცხადა.
"ჩვენ მთლიანად ფარმაცევტულ ბაზარს არ ვსწავლობთ, მხოლოდ ერთ-ერთი კერძო აგენტის მიერ, შემოტანილი სარჩელის საფუძველზე დავიწყეთ კვლევა. ეს სარჩელი ეხება კერძო და სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ დეტალებს ვერ გავაჟღერებ", - განაცხადა ბარაბაძემ თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი კერძო აგენტის საჩივარს სწავლობს.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებლის დაცვის ცენტრმა“ "ჰუმანითი ჯორჯიას" საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართა. საუბარია კომპანიაზე გაცემულ სახელმწიფო დახმარებაზე. კონკურენციის სააგენტოში მაშინ განმარტავდნენ, რომ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე ორი განცხადება შევიდა, აქედან ერთის მოკვლევა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ დაიწყო, მეორე საქმეზე კი მოკვლევა 25 მარტიდან მიმდინარეობს.

























